საქართველოში ღვინის ჩაის წარმოება იწყება

საქართველოში ღვინის ჩაის წარმოება იწყება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი ბუკიამ განუცხადა, პროდუქტი ბაზარზე ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდება.

„პროდუქტი ღვინის წარმოების პროცესში მიღებული ნივთიერებების გადამუშავების შედეგად მიიღება. ანალოგიური პროდუქტი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ არის. ვგეგმავთ ამ პროდუქტის, ტექნოლოგიის, ბრენდის დაპატენტებას. შედეგად, საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის ჩაის მწარმოებელ ერთადერთ ქვეყნად იქნება დატანილი,“-აღნიშნა ბუკიამ.

მისივე თქმით, ჩაის პირველ ეტაპზე 2-3 სახეობის ენდემური ჯიშის ყურძნის წარმოების (საფერავის, ხვანჭკარა) შედეგად დაამზადებენ. შესაბამისად, ბაზარზეც 2-3 სახეობის არომატის ღვინის ჩაი გამოჩნდება.

„საწყის ეტაპზე ერთჯერადი პაკეტების სახით იქნება, შემდეგ კი დასაყენებელი სახითაც გამოვუშვებთ. პროდუქტის რეალიზაცია პირველ ეტაპზე, სასტუმროებში, კაფე-ბარებში, ტურისტულ ობიექტებში მოხდება. თუმცა, მასობრივ წარმოებაზეც ვფიქრობთ. ამასთან, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები დსთ-ის ქვეყნებთან, რათა პროდუქტი ექსპორტზეც გავიტანოთ,“- აცხადებს ბუკია.

როგორც გიორგი ბუკიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ღვინის ჩაის წარმოების ისტორია ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიწყო. როდესაც ქართველი ფარმაცევტი ირაკლი ნატროშვილი ქართული ენდემური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის სასარგებლო თვისებებს იკვლევდა. კვლევის პროცესში კი ფხვიერი, შაქრის მსგავსი პროდუქტი მიიღო, რომელსაც ღვინის ჩაი უწოდა.

„ეს ისტორია ჩემმა ლექტორმა გიორგი ნატროშვილმა მიამბო. გადავწყვიტეთ ბიზნეს გეგმა გაგვეკეთებინა და „სტარტაპ- საქართველოს“ პროექტშიც შევიტანეთ განაცხადი. პროექტის შედეგად კი 100 ათას ლარიანი დაფინანსებაც მივიღეთ“, - აღნიშნავს ბუკია.

მისივე თქმით, პროდუქტი შესაძლოა ბაზარზე „საამოს“ სახელით გამოჩნდეს. ამასთან ბუკია აღნიშნავს, რომ ღვინის ჩაის ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის - სისხლის მიმოქცევის დარეგულირება, რაც ხელს უწყობს ნაბახუსევზე გამოსვლას.