”სავარძელმა” აზერბაიჯანი დატოვა და ინვესტიციას საქართველოში დებს

ავეჯის მწარმოებელი კომპანია ”სავარძელი” ახალი ექვსსართულიანი სადემონტრაციო მაღაზია-სალონის მშენებლობას იწყებს.

როგორც კომპანიის მფლობელმა, მერაბ აბესლანიძემ bpn.ge-ს განუცხადა, შენობა დიღომში, მაღაზია ”ბელუქსის” გვერდით განთავსდება. "ეს ადგილი ავეჯის მწარმოებლებისთვის კლასტერად იქცა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ”, - განაცხადა აბესლანიძემ.

ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, მშენებლობა კი ექვს თვეში დასრულდება. შესაბამისად, ”სავარძელს” თბილისში უკვე ორი მაღაზია ექნება, მათ შორის, ერთი - თამარაშვილის გამზირზე.

როგორც კომპანიის მეპატრონე აცხადებს, გაფართოების გადაწყვეტილების მიზეზი სახელისუფლებო წნეხის შესუსტება გახდა. ამასთან, ”სავარძელმა” საბოლოოდ დატოვა აზერბაიჯანის ბაზარი, სადაც ოთხი წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

”ავეჯის ბაზარი საკმაოდ პერსპექტიულია აზერბაიჯანში, თუმცა, საბაჟოზე საშინელი კორუფციაა - მებაჟეები პროდუქციის შეტანაზე მათთვის სასურველ თანხას გვახდევინებდნენ. გარდა ამისა, იქ ბიზნესს პრაქტიკულად ვერ აწარმოებ, თუ ადგილობრივი ლობი არ გყავს”, - განმარტა აბესლანიძემ.