აშშ-ს ბიუჯეტის პროექტით, ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს

აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ამ ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ, მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან ერთად, სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტიც დაამტკიცა. დოკუმენტს უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი დაამტკიცებს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს.

აშშ-ს ბიუჯეტში რამდენიმე თავი რუსეთს ეხება.

დოკუმენტის ერთ-ერთი დებულება, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაავალეს ახალი წესების შემუშავება, რომლის თანახმად, რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.

დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანა იქნება, რუსეთის ან სხვა უცხო ქვეყნის საიდუმლო გავლენისთვის დაპირისპირება. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსური და ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები.

დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიც არის: მანიპულაციები მედიაში, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია, პლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერაქტები.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების თავში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს რაიმე ქმედებაზე, რაც ხელს უწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას. ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს კონტროლი განახორციელოს, რათა ამერიკულმა კომპანიებმა არ განახორციელონ ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.