ურეკის ტურისტული ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია

ინფრასტრუქტურის მოუწყობლობისა და რეკლამის სიმცირის გამო,  ურეკის ტურისტული პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული, - მიიჩნევს სასტუმრო ”კოლხიდას” დამფუძნებელი, ამირან ჩხაიძე.

როგორც ბიზნესმენმა bpn.ge -ს განუცხადა, მაგნიტური ქვიშის უნიკალური თვისებების მიუხედავად, კურორტი მხოლოდ ორი თვის განმავლობაში - ივლისსა და აგვისტოში მუშაობს, ისიც შეფერხებით.

”გამუდმებით ქრება ელექტროენერგია, გზები ამორტიზებულია, საკანალიზაციო სისტემა დაზიანებული, სანიაღვრე მილები კი ამოვსებულია, რომლებიც შარშან, უამინდობის გამო კიდევ უფრო დაზიანდა. პლაჟი სულ დანაგვიანებულია, დასუფთავების მხოლოდ ერთი მანქანა მუშაობს და ისიც საქმეს ვერ აუდის. ასეთ პირობებში ძალიან რთულია უცხოელი ტურისტების მოზიდვა”, - აცხადებს ამირან ჩხაიძე.

როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, მისი სასტუმრო საკმაოდ დიდია, 91 -ნომრიანი, 3 ჰა-ზე განთავსებული. სამკურნალო პროცედურებისა და ხელსაყრელი ფასების გამო თავისუფლად შეუძლია, დიდი რაოდენობით რუსი, უკრაინელი და სომეხი დამსვენებლები მიიღოს, თუმცა, სეზონის გასაზრდელად პლაჟიდან სასტუმროში ქვიშის შეტანა და მისი გათბობა მოუწევს.

”ტექნოლოგია რთული არ არის, მის დანერგვაზე ვმუშაობ და მზად ვარ, კრედიტიც ავიღო - ეს საშუალება მომეცემს სასტუმრო წელიწადში 8 თვეს დავტვირთო. თუმცა, მუნიციპალიტეტმა ელექტროენერგიის უწყვეტი მოწოდება მაინც უნდა უზრუნველყოს. რომ დიზელ-გენერატორების ამუშავებამ და დამატებითი ხარჯების გაწევამ არ მომიწიოს”, - აცხადებს ამირან ჩხაიძე.

”გურიის რეგიონში მხოლოდ ურეკია ეკონომიკურად აქტიური, სადაც მოსახლოებას ფულის შოვნა შეუძლია. საჭიროა, მთავრობამ მის მოწყობასა და რეკლამირებაზე იზრუნოს, რომ სოციალური პრობლემები მცირედ მაინც მოგვარდეს”, - დასძინა ბიზნესმენმა.