პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, ეგვიპტელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში საქმიანობს, სურვილს გამოთქვამს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც ”თავისუფალი საქართველო” იუწყება, მოჰამედ მაგედ სავადიმ სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მოსახლეობისთვის უმწვავესი პრობლემის - იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობას დახმარების საქმეში.
”ამ მიზნისთვის ბიზნესმენმა უკვე გამოისყიდა აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი იპოთეკით დაზარალებულთა ქონება და მზადაა, პრაქტიკულად ნულოვანი მოგების სანაცვლოდ, უკან დაუბრუნოს მათ:
1. ფიქრია როსტიაშვილის საცხოვრებელი სახლი ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე: შეფასებული - 65.000 აშშ დოლარი, გამოსყიდვის თანხა - 6.000 აშშ დოლარი, დაზარალებულს ქონება უბრუნდება - 7.000 აშშ დოლარად;
2. შოთა ამბარდნიშვილის საცხოვრებელი სახლი გიორგიწმინდაში (საგარეჯოში): შეფასება - 25.000 აშშ დოლარი, გამოსყიდვის თანხა - 5.700 აშშ დოლარი, დაზარალებულს ქონება უბრუნდება - 7.000 აშშ დოლარად;
3. აზიმ ალახვერდიევის უძრავი ქონება (საერთო ფართობი 1950 კვ.მ) მარნეულში, სოფ. ქირიხლოში: შეფასება - 35.000 აშშ დოლარი, გამოსყიდვის თანხა - 700 აშშ დოლარი, დაზარალებულს ქონება უბრუნდება - 1.500 აშშ დოლარად;
„თავისუფალი საქართველო“ მადლობას უცხადებს ეგვიპტელ ბიზნესმენს ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და კეთილშობილური საქმისთვის. პარტია აღნიშნული ინიციატივისთვის მასშტაბური სახის მისაცემად ქმნის „საადგილმამულო ბანკს“, რომლის მიზანიც იპოთეკით დაზარალებულთა ქონების გამოსყიდვა იქნება.
მოვუწოდებთ საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კეთილშობილურ საქმეში. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თანხის დაკარგვის რისკი ნულის ტოლია, რადგან, შეთანხმების პირობებით, იპოთეკით დაზარალებულ პირს მეწარმე ქონებას მხოლოდ მის მიერ გამოსასყიდად დახარჯული თანხის დაბრუნების შემდეგ გადასცემს.
„საადგილმამულო ბანკის“ პრეზენტაციას „თავისუფალი საქართველო“ უახლოეს ხანებში გამართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.