საქართველოში ქუჩაში ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ იწყება

ორგანიზაცია „World Vision საქართველო“ ქუჩაში ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“ იწყებს.

კამპანიის გახსნის ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ხვალ, 09:30 საათზე გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე გახსნიან.

„გახსნის ღონისძიებაზე დონორ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებს და იმ ძირითად მიმართულებებს წარმოგიდგენთ, რაზეც კამპანიის ფარგლებში ვიმუშავებთ. ასევე გაგაცნობთ „World Vision საქართველოს“ ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებზე,“-აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ კამპანიით ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი World Vision- ის გლობალურ კამპანიას „მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ“ უერთდება.

2013 წელს დონორთა დახმარებით საქართველოს მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის მომსახურებების შესაქმნელად მათი იდენტიფიცირება და საჭირო სერვისებში რეფერირების მექანიზმის შემუშავება დაიწყეს.

დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 800 ბავშვია იდენტიფიცირებული, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრობენ.

ფიზიკური დასჯა, ცუდი მოპყრობა, განვითარების საშუალების არქონა - მათი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ეკონომიკური ექსპლუატაციის შედეგებია.

კამპანიის „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ხელისუფლების ჩართულობით ქუჩებში ბავშვების ექსპლუატაციის დასრულება, რაც ექსპლუატაციის ამკრძალავი და მის პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის ამოქმედებაში უნდა გამოიხატოს.

„World Vision საქართველო“ მრავალი წელია მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე.

დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად 3 დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს. სერვისების მიზანი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილებაა.