ყირიმის კრიზისის ქართული ეკონომიკა

ყირიმის პოლიტიკური კრიზისი და მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის გარკევეულ კითხვებს ბადებს საქართველოში, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებად განიხილავს.

დარგის სპეციალისტებს ძალიან აფიქრებთ პოლიტიკური დესტაბილიზაცია უკრაინაში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია: მარტო კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ექსპორტის რაოდენობა უკრაინაში აღემატება ევროკავშირის 28 ქვეყანაში გატანილ აგრო-სასურსათო პრდუქციის ოდენობას; უკრაინიდან შემოსული იმპორტის სამი-მეხუთედი კი სასურსათო პროდუქციაა.

„სიტუაციის გამწვავება ნეგატიური დატვირთვის იქნება ჩვენთვის. ეს იგივეა მეზობლების სახლს რომ ცეცხლი მოედოს,“ - შიშობს ეკონომიკის ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე.

„უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია 800 მილიონი დოლარის ბრუნვით. აგრო-სასურსათო პროდუქციის იმპორტის, ანუ რაც ხვდება ჩვენი მომხმარებლის მაგიდაზე, სამი-მეხუთედი მოდის უკრაინაზე. თუ იქ სიტუაცია გართულდა, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარი იძლევა საშუალებას მოხდეს ჩანაცვლება, მაგრამ ამას ჭირდება დრო და მეტი სახსრები, ფული.“

მეორეს მხრივ, მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერია - ქვეყანაში შემოსული ტრანსფერების ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთიდან იგზავნება. არადა, ტრანსფერები უკვე რამდენიმე წელიწადია საქართველოს ეკონომიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების წილს აჭარბებს. მარტო შარშან, საქართველოში გადმორიცხული მილიარდ 535 მილიონზე მეტი აშშ დოლარიდან ლომის წილი, ანუ 818 მილიონზე მეტი რუსეთზე მოდის, რაც უხეში გათვლებით, საერთო გადმორიცხვების 53%-ია.

მილიარდნახევარი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ არ შემოსულა. წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს უცხოური ინვესტიციების წილმა 914 მილიონი დოლარი შეადგინა. ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ყველაზე საგრძნობლად ინვესტიციები 2009 წელს, 658 მილიონამდე დაეცა და მას შემედეგ მხოლოდ 2011 წელს მიღწია მილარდ ას მილიონს, ხოლო 2012-ში 912 მილიონამდე შემცირდა. შედარებისათვის, ფულადი გადარიცხვები იმავე საანგარიშო პერიოდში მილიარდს მცირედით მხოლოდ 2009-ში ჩამოსცდა [960 მილიონამდე] მას შემდეგ კი, 100-200 მილიონით ყოველთვის აჭარბებს მილიარდს. გადარიცხვების ნახევარზე მეტი კი, ტრადიციულად სწორედ რუსეთზე მოდის, მიუხედავად საქართველოსთან ურთიერთობაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ფონისა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ ყირიმის კრიზისი გამწვავდება და რუსეთის ეკონომიკა რღვევას დაიწყებს, ეს საქართველოზე ნეგატიურად აისახება, ვარაუდობენ ანალიტიკოსები.

უკრაინასთან კონფლიქტი და დასავლეთის სანქციები რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის 3% დაუჯდება - აღნიშნულ პროგნოზს საბანკო გიგანტი Bank of America Merrill Lynch-ი აკეთებს. ბანკის ანალიტიკოსების ცნობით, რუსული ექსპორტის 50% ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება და შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ექსპორტი, რომლის მოცულობა წელიწადში 30 მილიარდ დოლარს აღწევს, შეჩერდება.

ყირიმში რუსული ჯარების შეყვანის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავენ როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებული შტატებში, ხოლო მსოფლიოს 300-მდე უმდიდრესმა ადამიანმა საფონდო ბირჟებზე ფასების რყევის და რუსული რუბლის ვარდნის შედეგად, მარტო 3 მარტს 44.4 მილიარდი დოლარი დაკარგა.

სოსო არჩვაძე შიშობს, რომ თუ რუსეთის ბაზარი „გადაბრუნდება“, ეს პირველ რიგში დაარტყამს ფულად გზავნილებს, რადგან იქ დასაქმებული რამდენიმე ათასი საქრთველოს მოქალაქე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ანალიტიკოს ლია ელიავას თქმით კი, ხანგრძლივი დესტაბილიზაცია მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მძიმედ აისახება საქართველოზე, რომელიც ლამის 80%-ით არის იმპორტზე დამოკიდებული.

უკრაინის ბაზრის დაკეტვა რუსეთიდან რეექსპორტსაც გადაკეტავს, რადგან უკრაინიდან საქართველოში, გარდა უკრაინული პროდუქციისა, რუსული პორდუქციის რეექსპორტიც ხორციელდება, რაც აუცილებლად შექმნის დეფიციტს, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო დაბალი ხარისხის თურქული საქონელი ჩაანაცვლებს. ელიავა არც რუსეთის ახალდგახსნილი ბაზრის ხელახალ ჩაკეტვას გამორიცხავს, რაც მძიმედ აისახება ქართულ ექსპორტზე - ძირითადად აგრო-პროდუქციაზე.

„რუსეთი თუ საქართველოს მიერ არ იქნა გაღიზიანებული, არა მგონია მიიღოს ის ზომები, რასაც ადრე ატარებდა, თუმცა თუ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმაც გამოთქვა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რეაქცია საქართველოს მხრიდან და რუსეთმა სასჯელის სახით ისევ გადაკეტოს ბაზრები. სიტუაცია არის საკამაოდ რთული ქვეყნისთვის, რომელიც დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ბაზრებზე და თვითონ პრაქტიკულად არაფერს აწარმოებს,“ - ამბობს ელიავა.

მართალია 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ქართულმა ღვინომ და წყალმა ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინა, მაგრამ როგორც კი გასული წლის ზაფხულში რუსეთის ბაზარი გაიხსნა, რუსეთში მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ნავარეუდევი 10 მილიონი ბოთლის ნაცვლად, მარტო 6 თვეში 21-22 მილიონი ბოთლი შევიდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის უკვე 40%-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 9.4% შეადგენს, რაც მცირედით ჩამორჩება საქართველოს საექსპორტო ბაზრის ლიდერის, უკრაინის 10.4%-იან წილს. ამავდროულად, 2014 წლის პირველი თვის მონაცემებით,  მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 6.7%-იანი წილით, რუსეთმა უკვე გდაასწრო უკრაინის 6.3%-ს და საქართველოს ნომერ მეოთხე სავაჭრო პარტნიორად ირიცხება უკრაინაზე წინ, რომელმაც მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მეღვინეები ჯერჯერობით მოთხოვნის შემცირებას არ უჩივიან არც რუსეთის და არც უკარინის ბაზარზე, რომელიც რუსეთის ემბარგოს შემდეგ 7 წლის მანძილზე საქართველოსთვის სტაბილურად ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი იყო. თუმცა „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი, გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ექსპორტის 40% უკვე ძალიან სარისკო მაჩვენებელია ერთი და თანაც არასტაბილური სავაჭრო პარტნიორი ბაზრისთვის.

„რუსეთი, უკრაინა და საერთოდ, დსთ-ს სივრცის ქვეყნები ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გარდა, გარკევული რისკების შემცველია და იქ პროდუქციის 25%-ზე მეტის გატანა არ არის რეკომენდირებული,“ - განმარტა მარგველაშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას.

BG Capital-ის ანალიტიკური ჯგუფი ყირიმის მოვლენების შედეგად საქართველოში ნაკლებად დრამატული სცენარის განვითარებას ელის, რადგან საქართველომ უკვე მოახერხა ბაზრების დივერსიფიკაცია და გასულ წელს საქართველოს ექსპორტის 22%-იანი ზრდა მცირედ იყო დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე, რომელთა წილი ექსპორტის ზრდაში შესაბამისად 6% და 1% იყო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ. BG Capital-ის ანალიზის თანახმად, ქართული ექსპორტი ღვინის გარდა, უფრო მეტად აზრებაიჯანზე, სომხეთსა და ევროკავშირზეა დამოკიდებული, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაზე, იმპორტი კი - ადვილად ჩანაცვლებადი. კვლევა დასაშვებად მიიჩნევს ღვინოზე მოსალოდნელ დარტყმას, „თუმცა მისი ეფექტი არ იქნება არსებითი ეკონომიკისთვის, რადგან ღვინო მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 4%-ს შეადგენს.“

რაც შეეხება ფულად გადარიცხვებს, BG Capital -ის ანალიზი მოწმობს, რომ ფულადი გზავნილები რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართვლოს საომარი კონფლიქტის შემდეგაც კი იზრდებოდა.