ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ.
„გამოძიების მიმდინარეობისას დადგენილ იქნა, რომ ხსენებული 36 აფთიაქის მიერ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით (3 წლის განმავლობაში) პერიოდში, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, რეალიზებულ იქნა 14 590 866 ერთეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული-ფსიქოტროპული მედიკამენტი, რითაც აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს ჯამში, 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.