რამდენიმე კვირაა სოციალური ქსელის მომხმარებლები პირადი შეტყობინებით იღებენ შეთავაზებას, სადაც მათ კრიპტოვალუტით დაინტერესებას სთავაზობენ და OneCoin-ის პრეზენტაციაზე ეპატიჟებიან.
OneCoin ბიტკოინის მსგავსად, კრიპტოვალუტაა, რომელიც 2 წლის წინ კომპანია Onelife-მა შექმნა. კომპანია ქართულ ბაზარზე ახალი შემოსულია. OneCoin ორი მიმართულებით, საინვესტიციო და ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობს.
როგორც CoinTelegraph.com წერს, OneCoin ფინანსური პირამიდის ნიშნებს შეიცავს. tengrinews.kz კი სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ეკონომიკურმა საგამოძიებო სამსახურებმა OneCoin-ის სახით ასტანაში ფსევდოკრიპტოვალუტური პირამიდა გამოაჟღავნეს, საიდანაც თანხები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ირიცხებოდა.
როგორც კომპანიის ერთ-ერთმა წევრმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, OneCoin-ის ქსელში გასაწევრიანებლად მინიმუმ 140 ევროიანი პაკეტის შეძენაა საჭირო. მისივე თქმით, უმჯობესია OneCoin-ის ქსელის გაშლა, სხვა ადამიანების დაინტერესება და ამით ბონუსების მიღება.
”ქსელის განვითარების შემთხვევაში მოწვეული ადამიანიდან 10 პროცენტს იღებთ, ასევე იღებთ ქსელურ ბონუსებს. თუ 100 ევროს ოდენობის მოგებას მიიღებთ, აქედან 60 ევროს გამოტანა შეგიძლიათ, დანარჩენი 40 ევროთი კი კვლავ ქოინები უნდა შეიძინოთ. ”ქიუნეტის” მსგავსად, აქაც 2 მხარე უნდა განავითაროთ, რომ რეგულირება მოხდეს, თუმცა თქვენ ხალხის მოწვევა ულიმიტოდ შეგიძლიათ. მოგებას როგორც თქვენ მიერ მოწვეული ხალხისგან, ასევე მათგანაც იღებთ, ვინც თქვენმა მოწვეულმა ადამიანემა დაარეგისტრირეს”, - ამბობს Onecoin-ის წევრი.
რაც შეეხება ქოინების დაბანდებასა და მისგან სარგებლის მიღებას, ეს გრძელვადიანი პროცესია და შესაძლოა 2 წელიც დასჭირდეს.
დღეს 1 ქოინის ფასი 10 ევროა, თუმცა Onecoin-ის წევრის თქმით, მათი გაყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ, რადგან კომპანია საერთაშორისო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და ქოინებით ვაჭრობა, დაახლოებით ერთ წელიწადში, სწორედ იქ იქნება შესაძლებელი. Onecoin-ის წევრის თქმით, ამ ეტაპზე ქოინებით მხოლოდ რაიმე პროდუქტის შეძენა ან მისი უბრალოდ დაბანდებაა შესაძლებელი:
Onecoin-ის წარმომადგენლის თქმით კომპანიას ფინანსური პირამიდის ჩამოშლის საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს პროექტი მომავლისთვისაა შექმნილი, რომელიც ციფრულ ფულზე გადავა.
Onecoin-ის დამფუძნებელი დოქტორი რუჟა იგნატოვაა, რომელიც ბულგარეთში დაიბადა და გერმანიაში გაიზარდა.