კომპანია „სილქნეტის“ განცხადებით, ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში 20 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრება ახალი ნორმა არ არის. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.
საუბარია, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „იმ შემთხვევაში თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ) ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, სილქნეტს შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ და ამას მარეგულირებელიც დაეთანხმება და იტყვის ხელშეკრულება დაარღვიეთო, ასევე თუკი კაფეში ან რესტორანში უფასო ინტერნეტი აქვთ, ხელშეკრულებით შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება”.
ეს ინფორმაცია ფეისბუქ-გვერდზე „შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე“ გავრცელდა. მათივე ცნობით, „ხელშეკრულების 7.1.4. მუხლში წერია - მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული „მომსახურება“ და არ დაუშვას „კომპანიისგან“ მიღებული „მომსახურების“ შემდგომი მიყიდვა/გადაცემა სხვა ნებისმიერ „მესამე პირზე“. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, “კომპანია” უფლებამოსილია დააკისროს “აბონენტს” ჯარიმის სახით 20,000.00 (ოცი ათასი) ლარის გადახდა და “კომპანიისთვის” მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება“.
„სილქნეტში“ კი აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია სააბონენტო ხელშეკრულებებშია გათვალისწინებული და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.
მათივე ცნობით, 20 ათას ლარიანი ჯარიმა კომპანიას არცერთი აბონენტის მიმართ არ გამოუყენებია.
„როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის სააბონენტო ხელშეკრულება ფორმდება, რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ აქვს უფლება აღნიშნული მომსახურება სხვა პირებს გადასცეს. მომსახურების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აბონენტის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის.
„პრაქტიკა აჩვენებს რომ ხშირია ფაქტები, როდესაც „სილქნეტის“ საცალო აბონენტები (როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები) „სილქნეტის“ მიერ მათთვის მიწოდებულ საცალო მომსახურებას კომერციული მიზნებისთვის მესამე პირებს გადასცემენ.
„გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებებით არაერთხელ დადასტურდა, როდესაც სილქნეტის ფიზიკური პირი აბონენტები მომსახურების შემდგომ გადაყიდვას (მაგ. ინტერნენ კაფეებისთვის, ან მცირე ზომის სასტუმროებისთვის და ეს იმ პირობებში, როდესაც მსგავსი სახის საქმიანობა მოითხოვს ავტორიზაციას კომისიაში) ახორციელებდნენ და იღებდნენ შემოსავალს უკანონო საქმიანობისგან (იხ. კომისიის 2016 წლის 01 მარტის N124/18 გადაწყვეტილება),“-აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, შემთხვევები, როდესაც მომსახურების შემდგომი გადაყიდვა ხდება, (მაგალითად ინტერნეტ-კაფესთვის, ან მცირე ზომის სასტუმროსთვის ინტერნეტ მომსახურების გადაცემა) ერთის მხრივ იწვევს ამ პირების მიერ კომპანიის ხარჯზე უკანონო შემოსავლების მიღებას, მეორე მხრივ კი - აბონენტისთვის მისაწოდებელი ინტერნეტ მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას/ ვარდნას/ წყვეტას. შესაბამისად, კომპანიში აღნიშნავენ, რომ ეს რეგულაცია არამხოლოდ კომპანიის კომერციული ინტერესების, არამედ მომხმარებელთა უფლებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას ემსახურება.
თაია არდოტელი