წყნეთის სამთავრობო აგარაკები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ოჯახებთან ერთად (მათ შორისაა უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას აგარაკები) წლების მანძილზე ცხოვრობდნენ, დღეს ღია აუქციონის წესით ქირავდება.
"ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა - ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებმა, არაერთხელ ისაუბრეს ამ ქონების უფრო გონივრულად და ეფექტურად გამოყენებაზე, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. 17 აგარაკი 2013 წლის შემდეგ ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, ვისაც მისი ქირაობის სურვილი და ფინანსური რესურსი აქვს. მოგვიანებით, 2014 წელს ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა, მას შემდეგ რაც მთავრობამ სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა წარმოადგინა. თუმცა, ქონება რეალურად არ გაყიდულა და მათი იჯარით გაცემა გრძელდება. აგარაკებიდან მხოლოდ ერთია გაყიდული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში წყნეთის სამთავრობო აგარაკები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" განკარგულებაში იყო. 2014 წელს აგარაკები, როგორც უძრავი ქონება, საკუთრებაში გადაეცა (კაპიტალში შეტანის გზით) სახელმწიფო 100%-იანი წილით დაფუძნებულ საწარმოს შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს". 2015 წლის მაისში კი "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ვებ-გვერდზე გამოჩნდა დეტალები სამთავრობო აგარაკების გაყიდვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში წყნეთის სამთავრობო აგარაკებს სახელმწიფო 21 560 000 დოლარად ყიდდა.
"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიწის ფართობი 100 475 კვ. მეტრს შეადგენს, შენობა-ნაგებობების ფართობი კი - 8041.8 კვ.მ. ქონება სულ 21 შენობა-ნაგებობას მოიცავს.
ამჟამად "შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაში" აცხადებენ, რომ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების იჯარის წესით გაცემა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, ლიცენზირებული აუდიტორის მიერ განსაზღვრული საწყისი საიჯარო ფასით. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა (ვებ-გვერდზე www.eauction.ge) ნებისმიერ მსურველის შეუძლია.
"სულ 17 აგარაკია. საწყისი ფასი 3 000 ლარია, ზოგ შემთხვევაში კი თვიური იჯარის ღირებულება 11 000 ლარს აღწევს. სხვადასხვა კოტეჯს განსხვავებული ფასი აქვს. ზაფხულის სეზონი სულ დატვირთულია. სტუმრების ნაწილი ქართველები არიან, ნაწილი - უცხოელები. ხშირად გვყავს ამერიკელი დამსვენებლები," - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში წყნეთის სამთავრობო აგარაკების ზედამხედველმა დავით დარახველიძემ.
რაც შეეხება ერთ გაყიდულ აგარაკს - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს თამაზ სომხიშვილს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" დაადგინა. იხილეთ გაგრძელება