”ჯეოსელი” ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ფოტომასალების გაციფრულებას იწყებს

„ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე“ - ამ გზავნილით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და "ჯეოსელი" იწყებენ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაფანტული ფოტო მასალის მოძიება, მათი ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და დაარქივება.

ამ პროექტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და კომპანია "ჯეოსელის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, პასი კოისტინენი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

"საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მრავალ ოჯახში არის გაბნეული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ფოტოებისა და სხვა დოკუმენტების სახით. ჩვენ გვინდა, აღმოვაჩინოთ და შევაგროვოთ ოჯახებში შენახული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი მასალები, ვაქციოთ ისინი ციფრულ ვერსიად და თანამედროვე ტექნოლოიების მეშვეობით გადავცეთ მომავალ თაობებს," - აცხადებენ კომპანიაში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მონაწილეობას მიიღებს როგორც მასალის მოძიებასა და შეგროვებაში, ასევე თავისი რესურსებით გააციფრულებს და განათავსებს მათ ინტერნეტსივრცეში.

როგორც "ჯეოსელში" განმარტავენ, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და "ჯეოსელთან" ერთად შექმნას საქართველოს ციფრული ფოტომატიანე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.