,,თიბისი ბანკისა” და ბანკი “რესპუბლიკის” გაერთიანება წარმატებით დასრულდა და “თიბისი ბანკი” ბაზარზე ყველა საბანკო სეგმენტში ნომერ პირველი ბანკი გახდა.
ამის შესახებ ,,თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 8 მაისიდან ბანკი “რესპუბლიკის” მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება “თიბისი ბანკისგან”.
„მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში წარმატებით დასრულდა. ჩვენ გავიარეთ რამდენიმეთვიანი რთული პროცესი იმისათვის, რომ შერწყმა განხორციელებულიყო უმტკივნეულოდ და კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად. მინდა, ორივე ბანკის გუნდს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ვპირდებით, ბანკი „რესპუბლიკის“ მომხმარებელს, რომ ჩვენ მათ გავუწევთ ისეთ სრულყოფილ და ხარისხიან მომსახურებას, რომელიც მუდამ გამოგვარჩევდა ბაზარზე,“- განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მისივე თქმით, ბანკი “რესპუბლიკის” შემოერთების შემდეგ “თიბისი ბანკის” პოზიციები ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა ყველა სეგმენტში - “თიბისი ბანკი” ნომერ პირველი ბანკია საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით - 31 მარტის მდგომარეობით, ბაზრის წილი მთლიან სესხებში 38.7%, ხოლო დეპოზიტებში 37.6% -ია; საცალო სესხების ბაზრის წილი 11%-ით გაიზარდა და 43.9% შეადგინა; კლიენტების რაოდენობამ 2 მილიონზე მეტს მიაღწია, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კლიენტებისა ბაზარზე; კიდევ უფრო გაფართოვდა “თიბისი ბანკის” მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზარდა 167-მდე, ხოლო ბანკომატების - 530-მდე.
მისივე თქმით, “თიბისი ბანკი” გაძლიერდა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვთ.