საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკომისიასთან ერთად იგეგმება საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა.
„ეს იდეა ეკუთვნის იოჰანე ჰანსს, რომლისთვისაც მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას“,- აღნიშნა პრემიერმა.