მერიის პასუხი პრემიერს: ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ყინვების გამო დაზიანებული გზების მოწესრიგება

მერიაში ირწმუნებიან, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ზამთარში ძლიერმა ყინვებმა დააზიანა, ხოლო იმ ფაქტმა, რომ თბილისის ბიუჯეტი ოთხი თვის განმავლობაში ვერ დამტკიცდა, არაერთი პროექტის გაჩერება გამოიწვია.

"ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ზამთარში, ძლიერი ყინვების გამო, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს,' - ასე გამოეხმაურნენ მერიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ, მთავრობის სხდომაზე გაეკთებულ განცხადებას.

კერძოდ, ღარიბაშვილმა თბილისის გზებზე არსებული მდგომარეობასი დედაქალაქის მერიის საბოტაჟად შეაფასა. მან თქვა, რომ მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.

მერიაში კი ირწმუნებიან, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამჟამად ერთდროულად რამოდენიმე ათეულ ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო გასულ წელს 30 მლნ ლარის სამუშაოები განხორციელდა.

"კაპიტალურად შეკეთდა 97 ქუჩა და ორმოული სამუშაოები 300 ქუჩაზე განხორციელდა," - განაცხადეს მერიაში პრემიერის საპასუხოდ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე ივარაუდა, დავით ნარმანიას, თბილისის მერად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.

"მას შემდეგ რაც დავით ნარმანიას თბილისის მერად ავირჩევთ, პირველი დავალება, რასაც მას თბილისელები მისცემენ, გზების დაუყოვნებლივ შეკეთების დაწყება იქნება. როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს, ალბათ შეგნებულად ხდება. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ამას არ აკეთებდა, რაც პირდაპირ საბოტაჟია. ეს დღესაც გრძელდება, ასე, რომ, ბატონო დავით, ბევრი საქმე გექნებათ", - მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას მთავრობის სხდომაზე.