ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, დღეს ბანკების რაოდენობა ბევრია, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალიტებს განუცხადა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის მიხედვით, კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ეს არის რეგულატორის მოთხოვნა, „თუმცა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, 50 მილიონი ლარი საკმარისი არ არის“.
„დღეს რომ წარმატებული საბანკო ინსტიტუტი გქონდეს საქართველოში გაცილებით მეტი ინვესტიციაა საჭირო და ეს ბუნებრივი მოთხოვნაა. მეორე, რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკების რაოდენობა, საკმაოდ დიდია და ალბათ, საშუალო ვადაში მოსალოდნელია, რომ ბანკების რაოდენობა შემცირდება... რომ იყო წარმატებული ბანკი და წარმოდგენილი იყო ან ერთ, ან რამდენიმე სეგმენტში, ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზო შენს მომხმარებელს, ჩემი აზრით, 50 მილიონი ინვესტიცია არ არის საკმარისი. რამდენი ასეული მილიონის ინვესტიციაა საჭირო“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ და დასძინა, რომ „თიბისი ბანკის“ კაპიტალი მილიარდზე მეტია.
მისივე თქმით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ბანკების რაოდენობა დღეს ბევრია.
„შესაბამისად, საშუალო ვადაში ისეთი ზომის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ალბათ, საკმარისი უნდა იყოს მაქსიმუმ 7-დან 10 ბანკამდე“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.