საინიციატივო ჯგუფი ”ელიავას პარკი” ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანას ითხოვს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ჯგუშიამ განაცხადა, ე.წ. ელიავას ბაზრობა იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი ცდილობს დაიცვას კონსტიტუციის 27-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ჯანმრთელ გარემოში. როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
”ჩვენ გვაქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2010 წლის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას აღემატება”, - განაცხადა ეკატერინე ჯგუშიამ.
ჯგუშიას თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრები გენერალური გეგმის პროექტს გაეცნენ და მათ ამ გეგმის იმედი აქვთ.
”ჩვენ ახლა გვაქვს იმედი, გავეცანით გენერალური გეგმის პროექტს, სადაც ასახულია, რომ უნდა აშენდეს თბილისში ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონა, გამწვანებული ზოლი და ამას ვეთანხმებით”, - განაცხადა ჯგუშიამ.
ასევე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა, რომ ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების უფლებები არ იყოს შეზღუდული და ისინიც დაკმაყოფილდნენ.