RMG gold-ი საყდრისში სამუშაოებს განაახლებს

კომპანია RMG gold საყდრისში სამუშაოებს განაახლებს. კულტურის სამინისტრომ კომპანიის მიერ სამუშოების განახლების თაობაზე დადებითი დასკვნა მიიღო.

როგორც კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, დადებითი დასკვნა სამუშაოების განახლებაზე ინვესტორთან უკვე გაგზავნილია.

მისი თქმით, დასკვნა გაცემულია იმ პირობით, რომ საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, მონიტორინგი განახორციელონ იმ სამუშაოებზე, რომელსაც ინვესტორი უახლოეს პერიოდში განახორციელებს.

საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ეწინააღმდეგებიან საყრდისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და მოითხოვენ კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირების შესრულებას, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით.

”ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის სიახლოვეს გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, გარემოს დაბინძურებას და საფრთხეში ჩააგდებს გარშემო დასახლებული ადამიანების ჯანმრთელობას. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ სოციალურ კრიზისს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს "ICOMOS-საქართველოს", თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისის, GEOAIR-ს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის, მწვანე ალტერნატივას, EMC-ს, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორიის, "თბილისის ჰამქარის", "ძეგლის მეგობარის" და "საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის" წარმომადგენლები აწერენ.

საყდრისთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ორი თვის განმავლობაში აღნიშნულ ადგილს სწავლობდა. მისი თქმით, კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საყდრისის საბადო არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ადგილს.

ღარიბაშვილის აზრით, ინვესტორი კომპანიის მიერ დასაქმებული 3 ათასი ადამიანის ბედი უნდა იყოს გათვალისწინებული. მას მიაჩნია, რომ თუ იწამლება გარემო, ამას სჭირდება გამოსწორება და ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა დადოს დასკვნა, რის შემდეგაც, მის გამოსასწორებლად სპეციალური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს.

საყდრისს, 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნეოდა. 5 ივლისს კი, კულტურის მინისტრმა მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა საყდრისს 1 ოქტომბერს ეს სტატუსიც მოეხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელ კომპანიას კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ეკრძალება, წიაღისეული მოიპოვოს იმ ადგილას, სადაც არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს.