საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტს ჰენრიკ მიქაელ ნორმანს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირების საკითხი განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე Nordic Investment Bank-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს, როგორც სტაბილურად მზარდი ეკონომიკისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების მქონე ქვეყნის მიმართ. აღინიშნა, რომ ბანკის ხელმძღვანელობა გეგმავს საქართველოსთან თანამშრომლობას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში ინვესტირების მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა Nordic Investment Bank-ის ხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.
„შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა Nordic Investment Bank-ის ინტერესები. აღინიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა Nordic Investment Bank-თან სამომავლოდაც გაგრძელდება და მეტი პროექტები განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, Nordic Investment Bank-ის დამფუძნებელი ქვეყნებია: დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.