ნავთობის ფასი ბოლო ხუთი თვის მინიმუმს მიუახლოვდა. ამის მიზეზი ის არის, რომ კვლავ გაურკვეველი რჩება, გაგრძელდება თუ არა OPEC-ის და ორგანიზაციის არაწევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეთანხმება, ნავთობის მიწოდების შეკვეცის თაობაზე.
ეს გაურკვევლობა იმის მიუხედავად გრძელდება, რომ საუდის არაბეთმა და რუსეთმა პაქტის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი დღეს დილით 3 პროცენტით შემცირდა და ბარელზე 44 დოლარს ჩამოსცდა, რაც 14 ნოემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
ასევე 3%-ით დაეცა "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 47 დოლარი შეადგინა, რაც 30 ნოემბრის შემდეგ (როცა OPEC-მა ნავთობის მიწოდების შეზღუდვის პაქტი გააფორმა) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა შუადღემდე ფასი 48.90-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც ისევ კლება გააგრძელა და 48.30-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს საუდის არაბეთის წარმომადგენელმა ადიბ ალ-აამამ "როიტერთან" საუბრისას განაცხადა, რომ OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნები მზად არიან, ნავთობის მიწოდების შეზღუდვის პაქტი გააგრძელონ. ოღონდ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, რამდენი ხნით გაგრძელდება პაქტი, რომლის მიზანიც, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღდგენაა.
უფრო ადრე, OPEC-ის სხვა წევრებმა იმავე "როიტერს" განუცხადეს, რომ პაქტის გაგრძელება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მაგრამ მიწოდების შემდგომი შემცირება არ იგეგმება. ამგვარად, თუ პაქტი გაგრძელდა, მიწოდების შეკვეცის მოცულობა დღიური 1.8 მილიონი ბარელის დონეზე დარჩება.
წლის დასაწყისიდან, ბრენტის და WTI-ს ფასები 17 პროცენტით არის შემცირებული. ბაზარზე შეინიშნება ჰეჯ ფონდბის მიერ გრძელი (ყიდვის) პოზიციების შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს კიდეც ორივე მარკის ნავთობზე ფასის კლებას. როგორც ჩანს, ჰეჯ ფონდები თავს იზღვევენ, რადგან მათი ანალიტიკური ჯგუფები ვარაუდობენ, რომ ფასის კლება ბარელში 40 დოლარამდე (WTI-სთვის) გაგრძელდება.
ფასის კლების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ში სულ უფრო იზრდება ნავთობის მარაგი. პარალელურად, შეერთებულ შტატებში ნავთობის დღიური მოპოვება ბოლო ერთ წელიწადში 10 პროცენტით, 9.3 მილიონ ბარელამდე არის გაზრდილი. ეს კი დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც მსოფლიოს ტოპ მომპოვებლები, საუდის არაბეთი და რუსეთი მოიპოვებენ.