მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკის მეორე ტალღა აგორდა

მოსკოვის ბირჟაზე დილიდან პანიკაა. უკრაინა-რუსეთის კრიზისისა და დასავლეთიდან ეკონიმიკური სანქციების დაწესების შიშით, ინვესტორები ფასიან ქაღალდებს თავიდან სასწრაფოდ იშორებენ.

მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსი 3,87%-ით 1198,4 პუნქტამდე დაეცა, რომელიც 2010 წლის მაისის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. 4,32%-ით, 1031,35 პუნქტამდე შემცირდა რუსეთის საფონდო ბირჟის РТС-ის ინდექსიც (2009 წლის აგვისტოს მინიმუმამდე).

გაუფასურდა ისეთი გიგანტი რუსული კომპანიის აქციები, როგორიცაა ”ვეტებე” (-5%), ”გაზპრომი” (-2,9%), ”ლუკოილი” (-1,5%), "ნოვატეკი” (-3,7%), ”პოლუს ზოლოტო” (-8,8%), ”როსნეფტი” (-1,9%), "როსტელეკომი" (-6,7%), ”სპერბანკი” (-5,7%), "ტატნეფტი" (-2,4%), "მეჩელი" (-12,8%).

ამავე დროს, რუსეთის ფონდების აქტივები პირველად, 2009 წლის დეკემბრის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში 8,2 მილიარდი დოლარით შემცირდა. როგორც რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკვე მეოცე კვირაა ზედიზედ, აღნიშნული ფონდებიდან კაპიტალის გადინება ფიქსირდება.

”პრომსვიაზბანკის” ანალიტიკოსის, ოლეგ შაგოვის, განცხადებით, უკრაინის კრიზისის გამო რუსული ბიზნესი უკვე რეალურ დანაკარგებს განიცდის. ბანკების აქციები წლის დასაწყისიდან უკვე 40%-ით გაუფასურდა. რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსი, სავარაუდოდ, 850 პუნქტამდე დაეცემა. მისი თქმით, ინვესტორებს განსაკუთრებით დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების ამოქმედების მუქარა აშინებთ, კერძოდ კი,  ევროპელი პარტნიორების მხრიდან ინვესტიციებისა და დაკრედიტების ლიმიტების შემცირება.

რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში და ყირიმის რეფერენდუმი, რომელიც კვირას უნდა გაიმართოს, დასავლეთმა მკაცრად დაგმო, მათ შორის, ტრადიციულმა პარტნიორმა გერმანიამ. ანალიტიკოსების აზრით, გერმანიამ ენერგომატარებლებზე რუსეთის დამოკიდებულება მკევთრად, 35%-მდე შეამცირა, რამაც საშუალება მისცა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის უხეში ქმედების შეფასებისას ნაკლებად კორექტული იყოს.

რუსი ექსპერტები შიშობენ, რომ თუ დაპირისპირება უკრაინის ნიადაგზე რუსეთსა და დასავლეთს შორის არ განიმუხტება, მათ სამშობლოს ”ირანიზაცია” ემუქრება.