საქართველოს მთავრობა ბელორუსის მთავრობას C ჰეპატიტთან ბრძოლაში დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტ „სოვალდის“ 1500 ბოთლს, რაც 500 პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

მედიკამენტი „სოვალდის“ გადაცემის მიზნით საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ხელშეკრულება დონაციის შესახებ.

შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერებმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ და ვასილი ჟარკომ, ხოლო დონაციის შესახებ ხელშეკრულებას - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია RUE BELPHARMATSIA-ს გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ გნიტიმ.

როგორც დავით სერგეენკომ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, C ჰეპატიტის აღმოფხვრის შესახებ დაწყებული პროექტის ფარგლებში საქართველო პირველი თაობის მედიკამენტ „სოვალდიდან“ გადავიდა ბოლო თაობის მედიკამენტ „ჰარვონიზე“.

მინისტრის თქმით, „სოვალდის“ დარჩენილი მარაგი ამერიკული პარტნიორი კომპანია „გილიადის“ თანხმობით გადაეცემა ბელორუსს.

„მოხარულები ვართ, რომ ბელორუსს უსასყიდლოდ გადავცემთ მედიკამენტს, რომლითაც 500 ბელორუსელ პაციენტს საშუალება ექნება დაიწყოს მკურნალობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვიცე პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სასიხარულოა, რომ ბელორუსს 30 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა.

„ბელორუსთან სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ისეთ სფეროში, როგორიც არის ჯანდაცვა და C ჰეპატიტთან ბრძოლა. მოგვეცა საშუალება, რომ ბელორუსს დავეხმაროთ და 30 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი გადავცეთ. მთავარი არა თანხა, არამედ - ჩვენი ბელორუსი მეგობრების და ძმების სიცოცხლეების გადარჩენის შესაძლებლობაა“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

აღნიშნული დონაცია ამერიკული კომპანია „გილიადის“ თანხმობით ხორციელდება, რომელთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში პროგრამა უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამაში დარეგისტრირებულია 37 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 36 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 29 ათასზე მეტმა ვირუსი წარმატებით დაამარცხა.