ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის რუსთავში ორ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა და ხელშეკრულება შეუწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ მიიღო.
ერთი ბაგა-ბაღის, ხუთი სპორტული მოედნისა და ერთი საბავშვო მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი ახალი ტენდერი გამოცხადდება.
„შარშან გამოცხადებული ტენდერი, რომელიც 5 სპორტული და ერთი საბავშვო მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა, ჩაიშალა. შემსრულებლის მხრიდან დისკვალიფიკაცია მიეცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესასრულებელი სამუშაოების არასწორი დაგეგმვისა და უხარისხოდ შესრულების გამო.
შესრულებული სამუშაოები, რომელიც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გადაამოწმა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა. სტადიონების რეაბილიტაციაზე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება შეტანილი თანხა განსახილველად და გამოვაცხადებთ ტენდერს, რომელიც საჭიროა პროექტის დასასრულებლად“, - განაცხადა რუსთავის ვიცე-მერმა ნოდარ შეროზიამ.
მეექვსე ბაღის რეაბილიტაციისთვის 50 ათასი, ხოლო 5 სპორტული მოედნისა და ერთი საბავშვო მოედნის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყოფა.