2014 წლიდან თბილისში 660 000 ხე დაირგო

2014 წლიდან თბილისში 660 000 ხე დაირგო, გეგმაში ქალაქისთვის ჭადრების დაბრუნებაც შედის. - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, გიორგი წერეთელმა განუცხადა.

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის თქმით, 2017 წლის გაზაფხულზე მერია 20 000 ხის დარგვას გეგმავს, რომელთა ნაწილი, 3 000 - სამგორის რაიონში და 2 000 სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ტერიტორიაზე უკვე დარგულია, მაისის ბოლომდე კი გეგმის შესრულება სრულად მოხდება.

"ნაძალადევის მეტროს გვერდით გაკეთდა სკვერი, მოეწყო დენდროლოგიური სამუშაოები და დაირგო ხეები, გამწვანდა ტერიტორია. ვაზისუბანსა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია, გამწვანებას დავიწყებთ ვაჟა-ფშაველას გამზირზეც, სადაც ახალი სკვერი უკვე გავხსენით. სამუშაოები სააკაძის მოედანზეც მიმდინარეობს, დავიწყებთ ავლაბრის კედლის რეკონსტრუქციასაც, სადაც სამუშაოები დაახლოებით 2 თვეში დასრულდება" - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა, რომლის მიზანიც მეტი ხის გადარჩენაა.

"შევეცდებით მშენებლობასა და გარემოს შორის ბალანსი დავიცვათ, არ დავაზარალოთ არც ბიზნესი და არც გარემო," - განმარტავს ის.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ქალაქში ინფრასტურქტურული სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც დადგინდება, ქალაქის რომელ უბნები დგას გამწვანების პრობლემის წინაშე.

წყარო ALLNEWS.GE