ისრაელთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერს შეატყობინა, რომ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში სტუმრობას ორდინალური, ანუ ჩვეულებრივი პასპორტებით 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

"შესაბამის დოკუმენტს ხელი 2013 წლის ნოემბერს ისრაელში ვიზიტის დროს სწორედ პრემიერმა მოაწერა. ამ შეთანხმების ძალაში შესვლას გარკვეული პროცედურები სჭირდებოდა, რისთვისაც 90-დღიანი ვადა ჰქონდა პარლამენტში რატიფიკაციის შემდეგ გასავლელი. თუმცა, ისრაელის სახელმწიფომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ძალიან სასიხარულოა, არ დაელოდა ამ პროცედურებს, შეთანხმება ძალაში შეიყვანა”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

თუმცა, მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, ჯერჯერობით, თავი შეიკავონ ისრაელში გამგზავრებისგან, რადგან აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფიცულია და ქართული მხარისთვის დამატებითი დეტალები არ მიუწოდებია.

"გპირდებით, ძალიან მალე ყველაფერი, რაც ისრაელში უვიზოდ მიმოსვლას უკავშირდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გარდა ამისა, გაკეთდება დამატებითი განცხადებები", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.