გამწვანებული აივანი თუ კორპუსის სახურავი განსაკუთრებით ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დასვენებისა და განტვირთვის კარგი საშუალებაა. შესაბამისად, აივანსა და კორპუსის სახურავზე სხვადასხვა მცენარის, მათ შორის ყვავილებისა და ბოსტნეულის დარგვაც კი თანდათან პოპულარული ხდება.
Allnews.ge დაინტერესდა თუ რომელ მცენარეს როგორ უნდა მოვუაროთ ქალაქის პირობებში, საკითხზე მებაღე-დეკორატორ ვერა დოლიძეს ვესაუბრეთ.
მისი თქმით, ადრე გაზაფხულზე როგორც აივანზე, ისე ბაღში სიცივის მოყვარული ვიოლების დარგვა შეგვიძლია, რომელთა ყვავილებიც სხვადასხვა ფერისაა და ქალაქის გამწვანებაშიც აქტიურად გამოიყენება:
"ასევე ქოთანში შეგვიძლია ჩავრგოთ გადმოსაკიდი ჭრელფოთოლა პინკა, მცენარე, რომელსაც წელიწადის 4 თვის განმავლობაში ჭრელი ფოთოლი აქვს, ანუ ეს არ არის ფოთოლმცვენი მცენარე და მთელი ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ლურჯი ყვავილებით ყვავის. როდესაც შედარებით დათბება და ზაფხულის დასაწყისი დადგება, შეგვიძლია, ვიოლები ამოვიღოთ და პინკა დავტოვოთ, იმიტომ რომ წელიწადის ოთხივე დროს ეს მცენარე კარგად უძლებს,"- განმარტავს ის.
როდესაც გაზაფხულზე დათბება, თქვენი მწვანე კუთხის გალამაზება პელარგონიებით, იგივე გერანებითაც შეგიძლიათ, რომლებიც სიმშრალეს ძალიან კარგად უძლებენ, - "შეგვიძლია ჩავრგოთ პეტუნიებიც, რომლებიც აქტიურ მზეს კარგად უძლებენ, მაგრამ ამ მცენარის პატარა მინუსი არის ის, რომ მიდრეკილები არიან დაავადებისკენ, თუმცა თუ ყურადღებით ვიქნებით, დაავადებას დროულად აღმოვაჩენთ და მცენარეს შხამქიმიკატებით შევწამლავთ, მთელი სეზონის განმავლობაში მათ პრობლემები არ შეექმნებათ. ბეგონიები კი უპრობლემოები არიან, რომლებიც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მთელი სეზონი ყვავიან, აცივდება თუ არა, შეგვიძლია, სახლში შევიტანოთ, გამოვაზამთროთ და დათბობის შემდეგ ისევ გარეთ მოვათავსოთ. თუ გაიზრდებიან და ფორმას დაკარგავენ, შეგვიძლია, გადავჭრათ," - განმარტავს ვერა დოლიძე.
მებაღე-დეკორატორის თქმით, მზეზე მცენარეების დაავადებები აქტიურდებიან, ამიტომ სასურველია, აივანზე განთავსებისთვის ისეთი მცენარე შევარჩიოთ, რომელიც გამძლე იქნება, ამ მხრივ კი ლომისპირებს განსაკუთრებული უპირატესობა აქვთ, - "ზოგიერთი ჯიში, შედარებით მაღალი იზრდება, მაგრამ რადგან გადასაკიდ ქოთანში გვინდა რომ ჩავრგოთ, შეგვიძლია, უფრო დაბალი ჯუჯა ჯიშები, სხვადასხვა ფერის ყვავილებით შევიძინოთ, ბაღისთვის კი მაღალი ჯიშებიც გამოდგება" - განმარტავს ის და დასძენს, რომ მზეს ვარდები უძლებენ, თუმცა დაავადებისკენ მიდრეკილები არიან და ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ.
ბევრი ჩვენგანი აივანზე ქოთნებში მწვანილსაც რგავს, თუმცა ვერა დოლიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში მცენარეების დაავადებას, ე.წ "ფრთათეთრას" ისინი ადვილად გაიჩენენ, რისთვისაც შეწამვლა დასჭირდებათ, შხამქიმიკატებით დამუშვებული მცენარეები კი საკვებად არ გამოდგება, შესაბამისად, მწვანილისთვის ბაღი უფრო ოპტიმალური გამოსავალია. რაც შეეხება ბოსტნეულის, მაგალითად, კიტრისა და პომიდვრის ჩითილების დარგვას, პომიდორიც დაავადებებისკენ მიდრეკილი მცენარეა, შესაბამისად, განსაკუთრებული პირობები ესაჭიროება, - "ჯობს, რომ დიდ ბაღში, კიტრი და პომიდორი შორ დისტანციაზე დავრგოთ, რათა პომიდვრისგან დაავადება არ გავრცელდეს," - განმარტავს სპეციალისტი.
ბაღში ძალიან ლამაზია როგორც ლიმონის, ისე სხვა ციტრუსების ხეები, მათი ჩარგვა კი ქოთნებშიც შეგიძლიათ.
"ქოთნებსა და ბაღებში ასევე შეგვიძლია სუროს მსგავსი მცენარეები დავრგოთ, რომლებიც ძალიან ლამაზია და ხვიარა მცენარე, თეთრი ყვავილების მქონე კლემატისი ოთხივე სეზონის განმავლობაში ყვავის, თუ ჩვენ თეთრი ყვავილების მქონე კლემატისს შევიძენთ, მას მთელი წლის განმავლობაში მწვანე ფოთოლი ექნება, რადგან თეთრი კლემატისი ფოთოლმცვენი არ არის, სხვა ფერის ყვავილების მქონე კლემატისები კი ფოთოლმცვენია. ეზოში ჩამოთვლილი მოყვავილე მცენარეებიდან ყველაფრის დარგვა შეგიძლიათ. ერთადერთი, აივნისგან განსხვავებით, თუ ჩრდილიანი ეზო გაქვთ, ზაფხულში შეგვიძლია, ბალზამინა დავამატოთ, რომელიც ზოგადად, არის ჩრდილის მცენარე. ეზოში კედლისთვის ასევე ჭრელფოთოლა სუროს ჩარგვაც შეგვიძლია " - განმარტავს ის.
თუ საცხოვრებლი სახურავის გამწვანებას გეგმავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქტიურ მზეს წიწვოვანი მცენარეები, მაგალითად, სოჭი და ასევე ვარდი უძლებს, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება, - "რაც შეეხება მორწყვას, უნდა შევამოწმოთ, საჭიროებენ თუ არა მცენარეები წყალს, რადგან გადამეტებული მორწყვა მათ აზიანებს," - აღნიშნავს სპეციალისტი.
ვერა დოლიძის თქმით, აღნიშნული მცენარეების შეძენა ყველგან შეგიძლიათ, სადაც ყვავილები და ნერგები იყიდება. გარდა ამისა, კარგი იქნება, ნიადაგის განოყიერებისთვის ტორფსა და ნაკელს თუ გამოიყენებთ, რათა მცენარეებმა ზრდა-განვითარება უკეთ შეძლონ.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარო ALLNEWS.GE