საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
“ამ კანონით შეერთებული შტატები იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს მატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. აშშ- ს კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა.
მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი თანადგომისათვის.
მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს აშშ-ში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.