თბილისის გენერალური განვითარების გეგმას მასზე მომუშავე ჯგუფი 2-3 კვირაში ჩაგვაბარებს, რის შემდეგაც ზაფხულის განმავლობაში გენგეგმაზე არაერთი საზოგადოებრივი განხილვა გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბორჯომში გამართულ სემინარზე განუცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის გენერალური განვითარების გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გეგმის ჩამოსაყალიბებლად წელიწადნახევარი ჰქონდა მიცემული. ეს პერიოდი მაისის თვის ბოლოს იწურება. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებთან ერთი შეხვედრა მერიის ხელმძღვანელობას უკვე ჰქონდა, გამოითქვა შენიშვნები და გენერალური გეგმა იხვეწება.
”თბილისის გენერალური განვითარების გეგმას მასზე მომუშავე ჯგუფი 2-3 კვირაში ჩაგვაბარებს, რის შემდეგაც ზაფხულის განმავლობაში გენგეგმაზე არაერთი საზოგადოებრივი განხილვა გაიმართება. გენერალური გეგმა თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად სექტემბრის თვეში შევა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ამ გეგმის მიხედვით, ბევრი სიახლე იქნება და მშენებლობებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოვა.
”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თბილისის ზღვის გარშემო შენარჩუნდება თუ არა რეკრეაციული ზონა, ნარმანიამ უპასუხა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს ეს ფუნქცია შეუნარჩუნდება. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ კომპანიას ცალკე დაუკვეთეს შეედგინა გეგმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებაზე. ნარმანიას თქმით, გეგმის შედგენაში ერთობლივად ჩართული იყვნენ პოლონელი და ქართველი სპეციალისტები და თბილისის ზღვის გარშემო 40 სხვადასხვა ეკონომიკური ზონა განვითარდება.
”არ იქნება კორპუსები. იქნება რეკრეაციული ზონა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის მქონე ობიექტები. ეს გეგმა განსახილველად თბილისის განაშენიანების განვითარების გეგმაზე მომუშვე ჯგუფს უკვე გადავეცით. მათ გამოთქვეს შენიშვნები და დაიხვეწება”, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, 250 მილიონი ევროს ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ დაგეგმილი ობიექტები და ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ნარმანიას თქმით, აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი ევრო სახელმწიფომ უნდა გამოყოს თბილისის ზღვაზე მისასვლელი გზების, კანალიზაციის სისტემის და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 200 მილიონი ევროს ინვესტირება კერძო კომპანიებმა უნდა განახორციელონ, რის შედეგადაც 4-5 წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება და ეკონომიკური სარგებელი იქნება.