ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ჰურგადა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ, 8 მაისიდან არსებულ 2 სიხშირეს დაემატება 1 და რეისები ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
23 ივნისიდან ჰურგადადან თბილისის მიმართულებით ფრენებს Air Cairo პარასკევობითაც შეასრულებს, ხოლო 5 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე ოპერირება კვირაში ხუთჯერ განხორციელდება (დაემატება ოთხშაბათი). ავიარეისები Airbus A320-ისა და Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air Cairo-ს დამატებითი სიხშირეებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2017 წლის აპრილს მიანიჭა.