საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვების ფონზე ევრო გამყარდა.
დღეს დილით ევრო დოლართან მიმართებაში 0,2%-ით გამყარდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ინვესტორები ევროკავშირის სტაბილური მომავალში დარწმუნდნენ, რამაც ხელი შეუწყო ევროს გაძლიერებას.
საპრეზიდენტო კამპანიის დროს მაკრონმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეამცირებდა კორპორატიულ გადასახადებს და ცვლილებებს შეიტანდა შრომით ბაზარზე.
„ამომრჩეველთა ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ემანუელ მაკრონის პრო-ბიზნესურ პოლიტიკას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ინვესტიციები და ხელი შეუწყოს ფრანგული ბაზრების სტიმულაციას“, - განაცხადა ბრიტანელმა ანალიტიკოსმა სტივენ მიჩელმა.
7 მაისს გამართულ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო. „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ამომრჩეველთა ხმების 33,94% მიიღო.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.