სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაშამ კარაევი საქართველოს მოქალაქე გიორგი კ.-ს და ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქე აშოკ კ.ს-ს დახმარებას დაჰპირდა 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილწარმოშობის ცნობის დამზადებაში, სადაც მითითებული იქნებოდა ყალბი მონაცემები. აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, კაშამ კარაევმა ქრთამის სახით მოითხოვა 5 500 ლარი, საიდანაც 500 ლარი წინასწარ აიღო, ხოლო 5000 ლარი ცნობის გადაცემის დროს.

კაშამ კარაევი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.