ისრაელთან უვიზო რეჟიმი მუშაობის უფლებას არ იძლევა - რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ მოგზაურებმა

13 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში მიემგზავრებიან ტურისტული ან კერძო ვიზიტით, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ ოთხმოცდაათ დღემდე ყოფნა ასოთხმოც დღიან პერიოდში.

მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

გარდა ამისა, მგზავრებს, ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე, შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას.

თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, ჯერჯერობით, თავი შეიკავონ ისრაელში გამგზავრებისგან, რადგან აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფიცულია და ქართული მხარისთვის დამატებითი დეტალები არ მიუწოდებია.

როგორც ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემულ მომენტში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, შეჩერებულია რიგი პროექტები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მოცემულ მომენტში გესაუბრებით არა ჰალსტუხით, არამედ - არაოფიციალურად, ვინაიდან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები არიან. მოგეხსენებათ, გაფიცვა დაიწყო რამდენიმე თვის წინ, თუმცა რაღაც პერიოდი გაიყინა, მაგრამ ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე არ წავიდა, 4 მარტს გაფიცვა ისევ განახლდა", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ელჩმა მწუხარებით აღნიშნა, რომ საელჩომ ვერ მიიღო მონაწილეობა წინა კვირას გამართულ მნიშვნელოვან ფორუმში.

"ბოდიშს გიხდით, რომ მოცემულ მომენტში ვერ ვაკეთებ ნორმალურად კომენტარს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებითაც, როგორიც არის ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება. ამ შეთანხმების ხელმოწერა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური მუშაობა. თუმცა, როცა გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მინდა, აღვნიშნო განსაკუთრებული წვლილი, რომელიც ამ შეთანხმების მიღწევაში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიტანა. მოგეხსენებათ, ეს შეთანხმება გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული, გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისრაელში უვიზოდ იმოგზაურონ. შეთანხმება უკვე ძალაშია და ხალხს შეუძლია უვიზოდ წასვლა. ვიმედოვნებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება და სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობას და რიგი პროექტების განხორციელებას შეძლებს", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.