35 140 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 5 მაისამდე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 35 140 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 565 577 719.00 ლარი ჩამოეწერა.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;

2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.

საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი).

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.