უძრავი ქონება გაძვირდა გუდაურში, მიწა კი - შინდისსა და ტაბახმელაში

თებერვალში წინა თვესთან შედარებით, გუდაურში უძრავი ქონების ღირებულება 8,3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1227 დოლარი შეადგინა, - კვლევა რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა, მოიცავდა როგორც ახალ, ისე მეორად ბინებს.

შერჩეულ საკურორტო ზონებში სიძვირით, 948 აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ბათუმი (ფასი იანვართან შედარებით, 44 დოლარით შემცირდა). ერთ თვეში 15%-ით გაიაფდა ბინები ბაკურიანშიც და კვადრატულ მეტრზე 892 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება თბილისის გარშემო მდებარე აგარაკების მიწების ღირებულებას, კვლევის მიხედვით, თებერვალში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა - ერთი კვადრატული მეტრი 46 დოლარი (თუმცა, წინა თვესთან შედარებით 15%-ით გაიაფდა). მეორე ადგილი კოჯორს უკავია - 39,6 დოლარი (იანვართან შედარებით 40%-ით ნაკლები).

”სამაგიეროდ, იანვართან შედარებით 21%-ით გაძვირდა მიწა შინდისში, 35 დოლარამდე, 12%-ით - ტაბახმელაში, 20 დოლარამდე და ფასები გაორმაგდა მუხათწყაროში - 19,7 დოლარამდე”, - განაცხადა კვლევის ავტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

კვლევის ფარგლებში შერჩეული აგარაკებიდან ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირებულია ბაზალეთზე - 4,8 აშშ დოლარი, რომელიც წინა თვესთან შედარებით, პრაქტიკულად, განახევრდა.