Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს მშპ-ს 32 პროცენტს უტოლდება

ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ერთეული მილიარდერების ხელშია ყველაზე დიდი ქონება, ამავე ქვეყნების ეკონომიკასთან შედარებით. რეიტინგის სათავეში საქართველოა,ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გამო. მეორე ადგილზეა რუსეთი.

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში შემავალი მილიარდერები ქვეყნების მიხედვით დააჯგუფა და მათი ერთად შეკრებილი ქონება მათივე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს შეადარა.

”ფიქრობთ, რომ მილიარდერებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ამერიკაში? ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს გადახედეთ - მილიარდერებს რუსეთსა და საქართველოში აქვთ ქონება, რომელიც მათი ქვეყნის მშპ-ს ყველაზე დიდ წილს უტოლდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დედამიწის ზურგზე,” - წერს Forbes-ი.

ჟურნალის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ქონება (5,2 მილიარდი აშშ დოლარი) საქართველოს მშპ-ს 32 პროცენტს უდრის, ხოლო 111 რუსი მილიარდერის ქონება კი, ერთად აღებული, 422 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც რუსეთის მშპ-ს მეხუთედის ტოლია (20%).

კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, უკრაინა რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. ცხრა უკრაინელი მილიარდერი ოლიგარქი 26,6 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, რაც ქვეყნის მშპ-ს 15%-ია.

”თითქმის ყველა მილიარდერმა საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, ქონება ერთი და იგივე გზით დააგროვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისინი იმ უმცირესობაში მოხვდნენ, ვისაც გაუამრთლა და შეთანხმებას მიაღწია მთავრობებთან ყოფილი საბჭოთა ქონების პრივატიზაციის შესახებ. 20 წლის შემდეგ, მათი ფოლადი, ნავთობი, ქვანახშირი და სამთო საბადოები მილიარდები ღირს,” - წერს Forbes-ი.

რეიტინგში ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა - შვედეთი, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. 17 შვედი მილიარდერის ქონება ერთად აღებული 99 მილიარდი აშშ დოლარია და ქვეყნის მშპ-ს 18 პროცენტს აღწევს.

მეოთხე ადგილზეა ლიბანი. აქ 3 მილიარდერი ფლობს 7,7 მილიარდ აშშ დოლარის ქონებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის 17 პროცენტს უტოლდება.

მეხუთე ადგილი ისრაელმა დაიკავა 17 მილიარდერის 44,8 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით, რაც მშპ-ს 16%-ია.

მეექვსე ადგილს უკრაინასთან ერთად იყოფენ ფილიპინები და ჩილე. ფილიპინებში 10 მილიარდერის ხელშია 40,1 მილიარდი აშშ დოლარის ქონება, რაც ქვეყნის მშპ-ს 15 პროცენტია, ხოლო ჩილეში 12 მილიარდერი ფლობს 41,3 მილიარდ დოლარს, რაც ჩილეს მშპ-ს ასევე 15 პროცენტს უტოლდება.

აშშ-მა რეიტინგში 9-ე ადგილი დაიკავა. შეერთებული შტატების 492 მილიარდერი ერთად 2,3 ტრილიონ აშშ დოლარს ფლობს. მართალია ეს თანხა რეიტინგში შემავალი თითქმის ყველა ქვეყნის (გარდა ხუთისა) მშპ-ზე ბევრად მეტია, თუმცა აშშ-ის ეკონომიკის მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენს.

მე-9 ადგილს იკავებს ტაივანიც, სადაც 27 მილიარდერის ქონება მშპ-ს ასევე 14 პროცენტს უტოლდება. კერძოდ, ტაივანის 27 უმდიდრესი ადამიანი 66,3 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

საერთო ჯამში, Forbes-ის რეიტინგმა აჩვენა, რომ რეიტინგში შემავალ ქვეყნების მოსახლეობის 0,0001 პროცენტის ხელშია მობილიზებული ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი.