ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს ფინანსური სისტემის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ფინანსური სისტემის მთავარი გამოწვევაა საბანკო ოლიგოპოლია, რადგან ფინანსური ტრანსმისიის მთავარი ხელშემშლელი არის საბანკო ოლიგოპოლია(და არა დოლარიზაცია, როგორც ამას ამტკიცებს ეროვნული ბანკი საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით).ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკას შორის (ტრანსმისიის ორი მხარე) გაჩხერილია საბანკო ოლიგოპოლია.
იმის გამო, რომ საბანკო ოლიგოპოლია აკონტროლებს ტრანსმისიის მექანიზმის ორივე მხარეს (ანაბრები და სესხები), ყველა ფინანსურ ბაზარზე (ფულად-საკრედიტო, სავალუტო, ობლიგაციები) ფასწარმოქმნის მექანიზმი არის ოლიგოპილიური –
- ეს ნიშნავს დაბალ განაკვეთებს ანაბრებზე და მაღალ განაკვეთებს სესხებზე;
- ეს ნიშნავს დაბალ კურსში ვალუტის შეძენას საბანკო ოლიგოპოლიის მიერ, ხოლო მაღალ კურსში - კლიენტებისთვის ვალუტის მიწოდებას;
- ეს ნიშნავს საბანკო ოლიგოპოლიის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების შეძენას კონკურენტულ გარემოში, ხოლო კლენტების მიერ არაკონკურენტულ პირობებში.
საბანკო ოლიგოპოლიის მადა სულ უფრო იზრდება და ამ ოლიგოპოლიის წარმომადგენელი ბანკირები, რომელთა ბიოგრაფიაში არც საკრედიტო ოფიცრის, არც მოლარის, არც დილერის, არც რისკების მენეჯერის ნახევარსაათიანი გამოცდილებაც არ ფიქსირდება, ახალ დავალებას აძლევენ ეროვნულ ბანკს.
ბოლო რამოდენიმე დღეა,საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სს„თიბისი ბანკის“გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ბანკია და პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო გაზარდოს კომერციული ბანკის დაფუძნებისთვის არსებული ნორმა - 50 მლნ ლარი, რამეთუ ეს ოდენობა მას ეცოტავება და საერთოდ - 7-10 ბანკი საქართველოსთვის თურმე სრულიად საკმარისია.
ღიმილის მომგვრელია, რომ ამას აცხადებს საბანკო ოლიგოპოლია, რომელიც მუდამ ამაყობს, რომ საქმიანობა 1992–1993 წწ „დიდი კუპონიზაციის“ პერიოდში დაიწყო სულ რაღაც 500 - 700 დოლარით ( და ამ ოდენობის ბანკის საწესდებო კაპიტალით).
ამჟამად მას თურმე საქართველოში არსებული კომერციული ბანკების რაოდენობა ზედმეტად მიაჩნია, ხოლო ახალი ბანკების დაარსებისთვის დაწესებული 50 მლნლარის საწესდებო კაპიტალი ეცოტავება......
ანუ უკვე გაჟღერდა საბანკო ოლიგოლოპიის მორიგი დავალება გალიაში გამომწყვდეულ ეროვნულ ბანკზე - „...შეამცირე კონკურენცია, განამტკიცე საბანკო ოლიგოპოლია..."
ძნელად წარმომიდგენია ასეთი რამის თქმა გაებედოს რომელიმე კომერციულ ბანკს წინა პერიოდში.
სწორედ იმიტომ, რომ დღეს საბანკო ოლიგოპოლია საკუთარ თავს ეროვნულ ბანკზე ახალი დავალების გაცემის უფლებას აძლევს, ჩემი აზრით, ბატონები კობა გვენეტაძე და მურთაზ კიკორია არიან დაუყონებლივ დასათხოვი ეროვნული ბანკიდან.
გავიხსენოთ, რომ ეს ის კომერციული ბანკია, რომლის გაფართოების გამოც 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ ლარით გაზარდა რეფინანსირების პირამიდა, რომ ამ კომერციულ ბანკს ისევ ეროვნული ბანკისგან შეეძინა დოლარები რესპუბლიკა-ბანკის შესაძენად....
რა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ იმით, რომ აღნიშნული კომერციული ბანკის გამო ეროვნული ბანკი საბაზრო პროცესებში ჩაერია და მსხვილი ტრანზაქცია განახორციელა სავალუტო ბაზარზე?
ქვეყნიდან გასული დოლარის მასა და რეფინანსირების პირამიდით გაზრდილი ლარის მასა, რომლის შედეგებსაც - ინფლაციას და ლარის გაუფასურებას - ეკონომიკა დღემდე იმკის." - წერს ასლანიშვილი