ბიზნესი კომერციული ბანკებისადმი ნდობას ყოველდღიურად კარგავს. ბიზნესმენებიც და სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ ბიზნესი ბანკებს უნდობლობას უცხადებს, მათ ეშინიათ ურთიერთობის, რადგან ფინანსურ პრობლემებს და რისკს ხედავენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კომერციული ბანკების მხრიდან ბიზნესში ჩარევას ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლები ისინი ბიზნესის დამოუკიდებლობას ითხოვენ.
კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა ბიზნესს პრობლემებს უქმნის. ნაცვლად იმისა, რომ დააფინანსონ სხვადასხვა წამოწყება და გააფართოონ ქართული ბიზნესი, თავად იწყებენ საქმიანობას და ბაზარზე კონკურენციაში ერთვებიან.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები ბიზნესს აღიქვამენ როგორც კონკურენტს. მათი მოწოდება უნდა იყოს ბიზნესის ფინანსურად ხელშეწყობა, ამ დროს კი ისინი სრულიად საპირისპირო ნაბიჯებს დგამენ.
"კომერციული ბანკები სამშენებლო ბიზნესს არ აფინანსებენ, რადგან საკუთარი სამშენებლო კომპანიები აქვთ. მაგალითად, ასეთია "ემ კვადრატი". როდესაც ამა თუ იმ ბანკს საკუთარი ინტერესი აქვს ბაზარზე, სხვა კომპანიას ნაკლებად აფინანსებს.
კომერციული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურენტი კომპანიები უკანა რიგში ჰყავდეს. ნებისმიერი ბიზნესის წარმოებაში ბანკი ყველას აჯობებს, მათ შეუძლიათ, თავისი კუთვნილი წარმოება დააფინანსონ და ბაზარზე ამ სეგმენტის სხვა მოთამაშეები შეზღუდონ. მთელი 10 წელი იმას ვამბობ, რომ კომერციული ბანკი არის სხვა სექტორი, სამშენებლო კი - სხვა.
ბანკების ცუდი როლი გამოჩნდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა მცირდებოდა, მათი მოგება კი იზრდებდა. ასეთი ფაქტი პირდაპირ მეტყველებს, რომ ეს ხდება რაღაცის ან ვიღაცის ხარჯზე. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს პროცესი მიმდინარეობს პირიქით. აქედან გამომდინარე, მიძნელდება, კომერციული ბანკების მიმართ ნდობით აღვიჭურვო, ბიზნესი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ბანკები არ უნდა ერეოდნენ მასში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ირაკლი როსტომაშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, დეველოპერული კომპანია "არქიჯგუფის" დამფუძნებელი ილია წულაია ამბობს, რომ საქართველოში კომერციულ ბანკებსა და ბიზნესს შორის არაჯანსაღი გარემოს შეცვლაზე პარლამენტში უკვე მუშაობენ. ბანკს არ უნდა გააჩნდეს არაპროფილური აქტივი, რომ მათი ქმედებით არ შეზღუდოს კერძო პირების ბიზნეს საქმიანობა.
"ბანკი არ უნდა იყოს ბიზნესისთვის კონკურენტი, სამწუხაროდ, დღეს პირიქით ხდება. ის პირები, რომლებიც კონკრეტულ ბიზნესში არიან და ამავე ბიზნესში საკუთარი წილი ბანკებსაც აქვთ, მათთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ. ნამდვილად არაჯანსაღი გარემო იქმნება ბაზარზე.
ჩვენი ამოცანაა, არსებული რეგულაციები მოვიყვანოთ სისრულეში და პირდაპირ თუ ირიბად კომერციულ ბანკებს არ მივცეთ საშუალება, ფლობდნენ არაპროფილურ აქტივებს. ვმართავთ კონსულტაციებს როგორც ბანკებთან, ასევე კომპანიებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და შევჯერდებით იმ პოზიციაზე, რაც ყველასთვის მისაღები იქნება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რეგულირების მხარდამჭერი თავად ბანკები არიან, ერთი-ორი ბანკის გარდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" წულაიამ.
ეკონომისტ ვაჟა კაპანაძის თქმით, კომერციული ბანკების არაპროფილური ბიზნესიდან გამიჯვნა მხოლოდ ფორმალურად მოხდა და საქმიანობა ჩრდილოვან გარემოში გადავიდა. როგოც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ბანკებსა და კერძო ბიზნესს შორის გაჩენილი კონკურენცია წინა ხელისუფლების დროიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
"კომერციული ბანკების სამეწარმეო ბიზნესში საქმიანობა პრობლემაა და ეს წინა ხელისუფლებისგან წამოვიდა. მათ საფინანსო ინსტიტუტებს დართეს ნება, განევრცოთ არაპროფილური ბიზნესი. ბანკებს აქვთ კონკრეტული დარგების შესახებ სრული ინფორმაცია და თუ მას არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ, რასაკვირველია, უპირატესობა ექნებათ. სადაზღვევო სექტორიდან დაწყებული, სამშენებლო ბიზნესით დამთავრებული, ყველგან აქვთ წილი.
იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გაემიჯნებოდნენ კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესს, მაგრამ ეს გადავიდა არაფორმალურ გარემოში. ყველაზე მეტად სამშენებლო ბიზნესში აქვთ ხელი ჩაყოფილი. დიდი გამოცდილება არც უნდა ამ საქმეს, მთავარია, მიწა აიღო, ფული გქონდეს და საქმესაც მარტივად დაიწყებ.
ბანკებმა დაჯაბნეს ის კომპანიები, რომლებიც წლებია, ამ კუთხით საქმიანობენ, ბუნებრივია, ეს უნდობლობას იწვევს ბიზნესის მხრიდან კომერციული ბანკებისადმი. ამ და სხვა ბევრი ქმედების გამო ბანკები ბიზნესის კონკურენტები არიან და არა ხელშემწყობები. არ შეიძლება, ბანკი ყველა სფეროს ეხებოდეს და ყველგან ჰქონდეს წილი. ბიზნესი არის ბიზნესი და ბანკი არის სხვა სექტორი", - განაცხადა კაპანაძემ.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა პრობლემად მიაჩნია, თუმცა ისინი მომხმარებელს მაღალ ხარისხსაც სთავაზობენ.
"ბანკების ბიზნესში ჩარევა რეალურად პრობლემაა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათ აამაღლეს ხარისხი. იქიდან გამომდინარე, რომ ლიკვიდობის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისი ტექნიკით მიაღწიეს კარგ შედეგს. წესით, ფინანსურად უნდა დაეხმაროს ბანკი ბიზნესს, თუმცა ისინი ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ. გამოსავალი კანონმდებლობით აკრძალვა და ბანკების არაპროფილური ბიზნესიდან გამიჯვნაა. მიუხედავად ამისა, მაინც არის შანსი იმისა, რომ მათ სხვაზე გადააფორმონ ესა თუ ის კომპანია და ფარულად მართონ ბიზნესი", - აღნიშნა ჭელიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"