“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომავალ კვირას სამართალდამცავ ორგანოებს უფასო სასადილოების მონიტორინგის შედეგებს გადასცემს.
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში უფასო სასადილოებში კვების საკითხს მიეძღვნა.
პრესკონფერენციაზე თბილისის უფასო სასადილოებიდან თვალსაჩინოებისთვის საკვები მიიტანეს, ასევე ნაჩვენები იყო ბენეფიციარებთან ჩაწერილი ვიდეო და აუდიო მასალა, თუ რამდენად ხარისხიანი საკვებით ხდება მათი კვება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ასკილის წვენს შესაბამისი ფერი არ აქვს, წიწიბურა უცხიმოა, ბორში კარტოფილისა და ხორცის გარეშე, მაკარონი კი ყველის გარეშეა.
“ჩვენ ვაგრძელებთ უფასო სასადილოების მონიტორინგს. დღეს წარმოგიდგინეთ ბენეფიციარების მიერ უფასო სასადილოებიდან გატანილი საკვები, ვიდეო და აუდიო-მასალა, სადაც საკვების შესახებ ბენეფიციარების განცხადებებია დაფიქსირებული, შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ საკვებს ცხოველი თუ შეჭამს, პირუტყვივით ეპყრობიან ამ ადამიანებს, ეს საკვები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ბარიერებზე, რატომ არ მიდის ხალხი სასადილოებში. ამის გამო 20 ათასზე მეტი ადამიანი არ დადის სასადილოში და საკვები სახლში არ მიაქვს. ამ ფულს მერიის მაღალი თანამდებობის პირები ჯიბეში იდებენ, გამგეობის ჩინოვნიკები და საკრებულოს წევრები. ეს არის მართლაც საგანგაშო ფაქტი, რომელსაც რეაგირება სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, კვირის განმავლობაში ამ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს გადავცემთ და ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოვითხოვთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას აიძულებენ უფასო სასადილოებში არსებული პრობლემები გამოასწოროს.
ვაშაძის განცხადებით, უფასო სასადილოებისთვის ყოველწლიურად 16 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, “ახალი საქართველოს” ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 8-10 მილიონი ორგანიზებულ კორუფციულ სისტემაში მიდის.
სამი კომპანია ემსახურება თბილისში 63 უფასო სასადილოს, სადაც მთლიანობაში 300 თანამშრომელია დასაქმებული. ვაშაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ 300-მდე თანამშრომელმა შეძლოს ყოველდღიურად 39 ათასზე მეტი ბენეფიციარის მომსახურება.