4 თვეში რუსთავში არსებული ქარხნები ჰაერის დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული სანქციით 59- ჯერ დაჯარიმდნენ

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში არსებული ქარხნები 2017 წლის 4 თვის განმავლობაში ჰაერის დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული სანქციით 59- ჯერ დააჯარიმა. როგორც დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს იურისტი ზვიად ზვიადაური აცხადებს, რუსთავში ბოლო მონაცემებით, აზოტის დიოქსიდი და ნახშიროჟანგის მაჩვენებელი ნორმაშია, თუმცა ჰაერში მტვრის რაოდენობა სამჯერ აღემატება დასაშვებ ნიშნულს.

,,ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვახდენთ გაფრქვევის წყაროებიდან სინჯების აღებას და შემდეგ ლაბორატორიული კვლევები ტარდება. რუსთავში დგას შესაბამისი ხელსაწყო, რომელიც იღებს სინჯებს. ბოლო მონაცემებით, მტვრის ნორმა ქალაქში დასაშვებს სამჯერ აღემატება. მსგავსი კვლევები და სინჯების აღება სისტემატურად ხორციელდება. ხდება იმ საწარმოების შემოწმება, რომელსაც გააჩნიათ გაფრქვევის წყაროები და მოეთხოვებათ დოკუმენტაცია - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ტექნიკური ანგარიში. არის შემთხვევები, როდესაც ქარხნებს არ აქვთ წარმოდგენილი ეს დოკუმენტი. 2015 წელს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული 76 ჯარიმა დაიწერა; 2016 წელს - 75 . წელს უკვე 59 სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, - აცხადებს ზვიადაური.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, წელს ჯარიმების ყველაზე დიდი რაოდენობა, 42 შემთხვევა ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობის გამო დაიწერა. თითოეულზე 150 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში 6 300 ლარს შეადგენს.

წელს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის 4 ფაქტი დაფიქსირდა, თითოეულ შემთხვევაზე ქარხანას ჯარიმა 5 ათასი ლარი დაეკისრა. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობის შემთხვევაზე კი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 13 ოქმი შეადგინა. მათგან თითოეულზე ფულადი სანქცია 500 ლარს შეადგენს.