თბილისი: ერთი დიდი ვებ-ბიბლიოთეკა - რა პროექტებზე მუშაობენ ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონის მონაწილეები

ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონი, HACK@MACS გუშინ საღამოს შვიდი საათიდან დაიწყო და 48 საათს გასტანს.

ჰაკათონში მონაწილე გუნდების უმრავლესობამ პროექტებზე მუშაობა გუშინ საღამოდანვე დაიწყო და როგორც მათთან საუბარში გავარკვიეთ, საკმაოდ საინტერესო იდეებზე მუშაობენ.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარ ერთ-ერთ ოთხეულში განგვიცხადეს, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც თბილისს ერთ დიდ ვებ-ბიბლიოთეკად გადააქცევს და ყველა ქუჩას თუ ადგილს შესაბამის ლიტერატურულ ნაწარმოებთან დააკავშირებს.

მეორე ოთხეულში, რომელშიც ორი და და და-ძმა გაერთიანდა, განგვიმარტეს, რომ მუშაობენ ვებ-აპლიკაციაზე, რომელიც ხმასთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, ხმის ამოცნობის საფუძველზე გადათარგმნის კონკრეტულ სიტყვას ან ტექსტს.

Videobpn

თბილისი - ერთი დიდი ვებ-ბიბლიოთეკა - რა პროექტებზე მუშაობენ ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონის მონაწილეები

გუნდებში გადანაწილებულმა 300-მდე მონაწილემ 48 საათის განმავლობაში უნდა შექმნას პროექტები, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, 10 ათას ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

კერძოდ, I ადგილის მფლობელი გუნდი 4 ათას ლარს, II ადგილის მფლობელი - 3 ათას ლარს, III ადგილის მფლობელი - 2 ათას ლარს, ხოლო IV ადგილის მფლობელი - ათას ლარს მიიღებს. გამარჯვებულებს ჟიური ხვალ საღამოს, ჰაკათონის დასრულების შემდეგ გამოავლენს.

HACK@MACS-ი სტუდენტური ორგანიზაცია UNIHACK-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე მოსწავლეებს.