რა ღირს დასვენება საქართველოს კურორტებზე

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება, თუ სად გავატაროთ შვებულება. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს ზაფხულში დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე.

ბორჯომი

ზაფხულის კურორტებიდან ბორჯომი დამსვენებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქალაქში თქვენ ნახავთ როგორც ძვირად ღირებულ სასტუმროებს, ასევე მცირე ტიპის კოტეჯებსა და საოჯახო სასტუმროებს. ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში“ ზაფხულის პერიოდში ერთი ღამის მინიმალური ღირებულება 230 დოლარია, ფასში შედის სამჯერადი კვება. რაც შეეხება სახლის დაქირავებას, ერთოთახიანი სახლის ორი კვირით დაქირავება 800-900 ლარიდან იწყება, თუმცა ფასები ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.

საირმე

თუ სასტუმრო "საირმეში" გადაწყვეტთ დასვენებას, მდინარის ხედით სტანდარტული ნომრის ღირებულების ფასი ერთი დღით იანვრიდან მაისის ჩათვლით 59 დოლარი იქნება, იმავე პერიოდში ბუნების პეიზაჟიანი ხედით ნომერში 48 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

თუმცა, განსხვავებული ფასის გადახდა მოუწევს მათ, ვინც სასტუმრო "საირმეში" დასვენებას ივნისიდან სექტემბრის პერიოდში გადაწყვეტს – მდინარის ხედით ნომერში 76 დოლარის, ხოლო ბუნების ხედით ნომერში 65 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

სასტუმრო „იმერეთში“ დაბინავება კი ერთადგილიან ნომერში ცხელი წყლის გარეშე 50 ლარი ღირს, ცხელი წყლით კი 65 ლარია.

რაჭა

რაჭაში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო "სანსეტ შოვია", რომელმაც სტუმრების მიღება პირველი მაისიდან დაიწყო. მაისსა და ივნისში სტანდარტული ნომერი ორ ადამიანზე 165 ლარი ღირს, თვეების მიხედვით კი ფასიც იზრდება, ივლისში 220 ლარი იქნება, აგვისტოში კი ფასი 295-მდე იზრდება. ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, უწყვეტი ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზიით სარგებლობა.

განსხვავებული ფასებია კოტეჯებზე. სამოთახიანი კოტეჯის დაქირავება, სადაც სამი საძინებელი, სამზარეულო და სააბაზანო შედის, 630 ლარი ღირს. ივლისში ფასი 715 ლარამდე, ხოლო აგვისტოში 905 ლარამდე იზრდება. ერთოთახიანი კოტეჯის ფასები კი თვეების მიხედვით ასე გამოიყურება - ივნისი - 265 ლარი, ივლისი - 290 ლარი და აგვისტო - 345 ლარი.

ყაზბეგი

ყაზბეგში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო „რუმსია“. სასტუმროში კვირის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფასებია მოქმედებს. ასევე განსხვავებულია ფასები ხედების მიხედვით. შაბათ-კვირას ორკაციანი ნომრის ფასი 145 დოლარიდან იწყება და 250 დოლარამდე ადის, შუა კვირაში კი ნომერის ფასი 100 დოლარიდან 150 დოლარამდე მერყეობს. ფასში მხოლოდ დილის საუზმე შედის.

ბათუმი

ზღვისპირა კურორტებიდან ყველაზე პოპულარული ქალაქი ბათუმია. თუმცა სხვა კურორტებისგან განსხვავებით, ფასებიც შედარებით მცირეა. ბათუმში სეზონი ივლისში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქალაქში ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული სასტუმროების ნომრების ფასი ნიმუმ 100 დოლარიდან იწყება.

მცირე ტიპის სასტუმროებში ნომრების ფასი 25 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. გარდა ამისა, დამსვენებელს შეუძლია ბინის დაქირავება. ბინების ფასები კი 15 ლარიდან იწყება და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.

სვანეთი

სვანეთში, კერძოდ მესტიაში, ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში დასვენება 90 დოლარი ღირს. თუმცა საოჯახო სასტუმროებში ფასები შედარებით მცირეა და ერთ ადამიანს ღამეში მინიმუმ 40 ლარის გადახდა მოუწევს. ზოგიერთი სასტუმროს შეთავაზებაში მანქანით მომსახურება, ცხენით გასეირნება და კვალიფიციური გამყოლების მომსახურებაც შედის.

კახეთი

კახეთში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროდ კვლავ რჩება „ლოპოტა სპა რეზორტი“, სადაც ზაფხულის სეზონზე საოჯახო ტიპის ნომერი 220 დოლარი ღირს. თუმცა, 16 წლამდე მოზარდების მიღება უფასოა. ნომრის ფასში შედის სამჯერადი კვებაც. განსხვავებული ფასებია ყვარლის სასტუმროებში - „როიალ ბატონში“ ნომერი 95 დოლარიდან, ყვარლის ედემში კი 80 დოლარიდან იწყება.

ლიკა ამირაშვილი