მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა 2014 წლის კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების კონფერენცია სასტუმრო "რედისონში" იმართება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იქცეს რეგიონში სტაბილურად განვითარებად, დემოკრატიულ ქვეყანად, უაღრესად მნიშვნელოვანია უმასპინძლოს საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა 2014 წლის კონფერენციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მხარდაჭერითა და თანაორგანიზატორობით. მისი თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას.

"თანამედროვე რეალობაში საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც მოიცავს სამართლიანი, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას. ჩემს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ორიენტირებულია კანონმორჩილი ბიზნესის თავისუფლად განვითარების ხელშემწყობი, მდგრადი სისტემის შექმნაზე.

ამ მხრივ აგრეთვე აღსანიშნავია, 2013 წლის 28 ნოემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პარაფირება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები გულისხმობს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და ადმინისტრირების მექანიზმებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემი ქვეყანა მიისწრაფის, განავითაროს, გააღრმავოს და განამტკიცოს ყველა სავაჭრო პარტნიორთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები, ასევე კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მოაგვაროს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები. ყოველივე ზემოთთქმულის ცალსახა და ზედმიწევნით შესრულების ერთ-ერთი გარანტი კი საზოგადოებრივი კეთილდღეობასა და უსაფრთხოების, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და საჯარო სექტორის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების სამართლიანი ადმინისტრირების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბაჟო, თავისი შინაარსით, გლობალური სფეროა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს, რის გამოც ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ჰარმონიზაციასა და საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტების გაზიარებას ენიჭება.

"საერთაშორისო საბაჟო ცოდნისა და გამოცდილების გენერატორს კი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ ორგანიზაციაში საქართველო 1993 წლიდანაა გაწევრიანებული. დღეისათვის ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტების დამკვიდრებასა და განხორციელებაში. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებულად გამკლავება და დასახული ამოცანების ზედმიწევნით შესრულება, სწორედაც რომ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გონივრული გამოყენებითაა შესაძლებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებისათვისაც" , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხის ზედმიწევნით შესწავლას, იმ საჭიროებათა და პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირებას, რაც განსაზღვრავს ეკონომიკური ინტეგრაციის როლსა და შედეგებს.

"როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესი, შესაძლებელია ითქვას, პირდაპირ მოითხოვს სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაუმჯობესებას, რაც ქვეყნების ეკონომიკური და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიაა. საქართველო მიესალმება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში დამკვიდრებულ საბაჟოსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პლატფორმას. უაღრესად მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაციები საბაჟო ადმინისტრაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, კონსულტაციები, როგორც სტრატეგიულ ასევე ტექნიკურ დონეზე. სწორედაც, რომ ზემოაღნიშნული კონსულტაციების პრაგმატულ ჭრილში გადაწყვეტა საშუალებას მოგვცემს, გაეცეს პასუხი კითხვას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არსებობს: "რა სურს საბაჟოს ბიზნესისგან და რა სურს ბიზნეს საბაჟოსგან?". ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საბაჟოს მნიშვნელოვანი როლის დამადასტურებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ბალის მინისტერიალის ფარგლებში მიღებული ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმება. ამ მხრივ, უდაოდ აღსანიშნავია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის როლი ამ შეთანხმების იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით, რაც პერსპექტიულად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის და სტაბილურად განვითარების, გაზრდილი შემოსავლების და სიღარიბის დაძლევის ინდიკატორების ეფექტურობას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მრავალწლიანი არსებობის მანძილზე შემუშავებული ვაჭრობის ხელშეწყობის ინსტრუმენტები წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმების წარმატებული და ნაყოფიერი იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების საწინდარს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი საბაჟო ადმინისტრაციების აქტიური თანამშრომლობა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან და სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება ქვეყნის საჭიროებათა ანალიზის გათვალისწინებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიდგომა არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ქვეყნის შიდა სავაჭრო პოლიტიკის არეალით, არამედ სცდებოდეს მას და განიხილებოდეს რეგიონალურ, გლობალურ ჭრილში.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძვანელების კონფერენცია სასტუმრო "რედისონში" 09:00 საათზე გაიხსნა. მას ევროპის რეგიონის 52 ქვეყნიდან 100 წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. კონფერენცია 2 დღიანია და მისი მიზანია ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ინსტიტუციური განვითარების სტარტეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე 2014 წელს ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის დამტკციება.

საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაში მსო-ს თავმჯდომარე, მსო-ს გენერალური მდივანი და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ვიცე-თავმჯდომარე მონაწილეობენ. საბაჟო სფეროში მსგავსი მასშტაბის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს.