შრომის ინსპექცია პანაცეა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტირებისას განუცხადა.
აკაკი ზოიძემ თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
"მოხდა საშინელი ტრაგედია. ძალიან ძნელია ჩამოაყალიბო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შრომიის ინსპექციის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა ტრაგედია. დამერწმუნეთ, შრომის ინსპექცია არ არის პანაცეა. თვითონ შრომის უსაფრთხოების სისტემა არის მრავალეშელონიანი სისტემა და მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იმუშავეს კომპანიის უსაფრთხოების სისტემამ, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ და სხვა უწყებებმა, მათ შორის თვითონ სასამართლო სისტემამაც. აქ არის მთელი პროცესი. 240-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეებიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში 260 საქმე აღიძრა. აქედან 60 დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული საპატიმრო სანქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამას ითვალისწინებს. შეეფარდათ მხოლოდ პირობითი სასჯელი ან დაეკისრათ კომპენსაცია. გასაგებია, რომ დაღუპულთა ან დაზიანებულთა ოჯახებს ურჩევნიათ კომპენსაციის მიღება, მაგრამ ამის გამო პრევენციული ფუნქცია აღარ გააჩნია სასამართლოს, რადგან შიში აღარ არის ციხეში წასვლის",- განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმოების თუ ორგანიზაციების შემთხვევაში.
"ასევე, ვაპირებთ და პირადად ჩემი ინიციატივა გახლავთ, რომ როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, შემოვიტანოთ სავალდებულო მოთხოვნა გაზრდილი სტანდარტების შრომის უსაფრთხოების, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის. ძალიან დიდ თანხებს დახარჯავს სახელმწიფო შემდეგი 4 წლის განმავლობაში. 10 მილიარდამდე ლარი მხოლოდ ინფრასტრუქტურაში უნდა დაიხარჯოს და ამ ტიპის ტენდერში ვინც მონაწილეობს, მათთვის იქნება მოთხოვნილი გაზრდილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ასევე მოთხოვნილი იქნება, რომ მათ ჰქონდეთ შეუბღალავი პროფილი, მათ უნდა წარმოადგინონ საბუთი, რომ შრომის უსაფრთხოება მათთან დაცულია, საწარმო ტრავმები მინიმალურია, ან არ არსებობს. ასეთ ორგანიზაციებს მიეცემა უპირატესობა", - განაცხადა ზოიძემ.