”როსნეფტისა” და ”გაზპრომის” ხელმძღვანელების წინააღმდეგ ევროპული სანქციები ამოქმედდება

უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიების, ”როსნეფტისა” და ”გაზპრომის” ხელმძღვანელებს, იგორ სეჩინს და ალექსეი მილერს, შესაძლოა, ევროკავშირის სავიზო და საფინანსო სანქციები დაეკისროთ.

როგორც რუსული გამოცემა ”კომერსანტი” წერს, ბიზნესმენები იმ რუსეთის მოქალაქეების ”შავ სიაში” მოხვდნენ, რომლებსაც ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ, ხოლო მათი აქტივები გაიყინება.

ჯერჯერობით, სანქციები მენეჯერებს ეხებათ, თუმცა, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ შეზღუდვები უკვე იმ სახელმწიფო კომპანიებზე გავრცელდება, რომლებიც საზღვარგარეთ ფუნქციონირებენ.

შესაძლოა, რეგულატორებმა დაბოლოკონ ”როსნეფტის” მიერ უმსხვილესი ამერიკული კომპანია Morgan Stanley-ის ნავთობის სატრეიდინგო განყოფილების შესყიდვის პროცესიც, რომელზეც კარგა ხანია, რუსულ კომპანიას თვალი აქვს დადგმული. უკრაინის კონფლიქტამდე ”როსნეფტში” იმედოვნებდნენ, რომ გარიგებას 2014 წლის მეორე ნახევრამდე დაასრულებდნენ.

როგორც ”კომერსანტი” წერს. შავ სიაში სულ 130 რუსი მაღალჩინოსანია, თუმცა, კონკრეტულად როდის, ან რა მექანიზმით მოხდება მათი ”დასჯა”, ჯერ უცნობია.

”როსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ ლეონტიევმა, ევროკავშირის მოსალოდნელი სანქციები დაახასიათია, როგორც ”სულელური, მეწვრილმანე და მავნებლური ქმედება, რომლითაც პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს”, რადგან სანქციები ”როსნეფტის” დასავლელ პარტნიორებსაც შეეხებათ. ”გაზპრომის” წარმომადგენლის თქმით კი, ის დაეხმარება ”ევროპული ავიაკომპანიების ბიზნესს, რადგან მილერის სანახავად პარტნიორებს რუსეთში მოუწევთ ფრენა”. თავად უცხოელი პარტნიორები კი კომენტარისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის ”შავ სიაში” არიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ”ეფ-ეს-ბეს” დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი რაგოზინი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, პრეზიდენტის მრჩევლები სერგეი გლაზიევი და ვლადისლავ სურკოვი, ”დუმას” საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი, შავი ზღვის ფლოტის მთავარსარდალი ალექსანდრე ვიტკო და პარლამენტარი ვლადიმერ ჟირინოვსკი.