”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!”, - ამ გზავნილით ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გაერო-ს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს კონფერენციით აღნიშნავს.
როგორც ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელმა, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, კონფერენციის მიზანია არსებული გამოწვევების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა, რათა შემცირდეს ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვი.
”შევიკრიბეთ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები. ჩვენი მთავარი მიზანია, განვიხილოთ არსებული გამოწვევები, ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. გაერო-ს დეკადის ფარგლებში, 2020 წლისთვის უნდა განახევრდეს ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვი. სწორედ ეს მიზანი გვინდა დავისახოთ საქართველოშიც და მივაღწიოთ უახლოეს წლებში”, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიისა და პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები საქართველოში, თბილისის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი.
საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.
გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2010 წელს გამოცხადდა და მისი მიზანია 2020 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული მსხვერპლის 50%-ით შემცირება. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რათა 2020 წლის მიზანს მიაღწიონ. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა გზებზე მსხვერპლის რაოდენობა 20%-ით შეამცირეს.