ნოდარ ხადური - ქვეყანაში  "პიარზე ორიენტირებული რეფორმების მანკიერი პრაქტიკა" დასრულდა

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში "პიარზე ორიენტირებული რეფორმების მანკიერი პრაქტიკა" დასრულდა.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საბაჟო სისტემაში განმტკიცდა სამართლიანობის პრინციპი, მუდმივად იხვეწება და ვითარდება სერვისების ხელმისაწვდომობა, აღმოიფხვრა შერჩევითი სამართლისა და პიარზე ორიენტირებული რეფორმების მანკიერი პრაქტიკა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბაჟო სამსახური ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ინსტიტუციაა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა სასტუმრო "რედისონში" მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების კონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაცია ქვეყანას საშუალებას აძლევს, შექმნას ბიზნესზე მორგებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სისტემაც. "ეს უზრუნველყოფს ბიზნესის წარმატებით ოპერირებას", - აღნიშნა ხადურმა.