პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საკმაოდ კარგად დაიწყო და ეკონომიკაში დადებითი პოზიციები ფიქსირდება.
“აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდა, სადაც 5%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ბიუჯეტით გვაქვს დაგეგმილი. ასევე გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა. განსაკურებით აღსანიშნავია ექსპორტის მონაცემები - ექსპორტში 30%-იანი ზრდა გვაქვს. საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით - 23%-იანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა, რაც საბოლოოდ ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახება. საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული - დაახლოებით 327-მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში იყო. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ წლის განმავლობაში შესრულება მაღალი იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, კაკაურიძემ ინფრასტრუქტურაზე მიმართულ სახსრებზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ დიდი მოცულობის პროექტების განხორციელებაზე აქვს ვალდებულება აღებული.
“გარდა იმისა, რომ გეგმა არ შეასრულა 105%-ით, თვითონ გეგმაც საკმაოდ მაღალი ჰქონდა გასულ წელთან შედარებით - 68%-ით მეტი აქვს მიმართული პროექტებზე, ვიდრე 2016 წელს პირველი კვარტლის განმავლობაში ჰქონდა“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.