”სტანდარტიზებული შეფუთვა თამბაქოს ინდუსტრიისთვის, კონკურენციისთვის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის სასარგებლო არ იქნება”

საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელია სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა ამოქმედდეს.

ეს ნიშნავს, რომ კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების პარალელურად, ბრენდის წარწერა დაშვებული იქნება მხოლოდ ქართული ასოებით და სტანდარტული შრიფტით.

საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობს, თემას მხოლოდ ერთი კუთხით განიხილავს და არაფერს ფიქრობს თამბაქოს ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე, რომელიც კანონის მიღების შედეგად უხეშად დაირღვევა.

”ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ნამდვილად დაირღვევა, მაგრამ კანონი კანონია და მის წინააღმდეგ წავლა არც ბიზნესს შეუძლია და არც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს. ზოგადად, ამ თემაზე მსოფლიოში ერთიანი მიდგომა არ არსებობს და დებატები დღემდე მიმდინარეობს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში გამოდის, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში სასაქონლო ნიშანი აღარ იარსებებს. ზოგადად კი, ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ სასაქონლო ნიშანი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა, რომელიც ბაზარზე დაშვებულ პროდუქციას აწარმოებს,” - აღნიშნავს საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

გოგილიძის განმარტებით, სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა სრულიად ახალი ტენდენციაა და მისი იმპლემენტაცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მოახდინა. მათ შორისაა ავსტრალია და ირლანდია. საფრანგეთი ცოტა ხანში აამოქმედებს მსგავს კანონმდებლობას. აღნიშნულ ქვეყნებში კიდევ არის წინააღმდეგობა კანონის მიმართ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან. დავები ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოოდ კონკრეტული გადაწყვეტილებბები ჯერ არაა მიღებული.

”ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით მუშაობს, ერთ აზრზეა, რომ ასეთი შეზღუდვა თამბაქოს ინდუსტრიისთვის, კონკურენციისთვის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის სასარგებლო არ იქნება. თუმცა ჯერჯერობით ერთიანი შემაჩერებელი ბერკეტი არ არსებობს. ეს უნდა იყოს პარლამენტი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სამწუხაროდ, საქპატენტი არ არის ის უწყება, რომელიც გადაწყვეტს, მიიღონ თუ არა კანონი. ბევრი სახელმწიფო ერიდება ამ კანონის მიღებას, რადგან ცალსახაა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით ეს არც თუ ისე კარგი ნაბიჯი იქნება,” - თქვა გოგილიძემ.

”საქართველოში თუ მაინც მიიღეს ეს კანონი, საქპატენტიც დაემორჩილება მას და ჩვენთან თამბაქოს ინდუსტრიიდან განცხადებები აღარ შემოვა. თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი ნეგატიური შედეგი. აღნიშნულის პარალელურად, ბევრი საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთი მხარეა, რომ თვითონ თამბაქოს ინდუსტრიას საკუთარი პროდუქციის სხვისგან განსხვავების შესაძლებლობა აღარ ექნება. რეალურად, სასაქონლო ნიშნის არსი სწორედ ესაა და არა ის, რომ მომხმარებელი ესთეტიკურად მიიზიდოს. ეს აისახება სარეკლამო ბიზნესზეც, იმიტომ რომ თამბაქოს ინდუსტრია რეკლამაში ფულს აღარ ჩადებს. ძალიან ბევრი ასპექტია, რომელიც ყურადღებით არის გასაანალიზებელი და დასაფიქრებელი. პარლამენტმა კი გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს,” - დაამატა საქპატენტის თავმჯდომარემ.

მაგალითისთვის, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სტანდარტიზებული შეფუთვის წინაღმდეგ საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა. იგივე განმეორდა იტალიაშიც. მიზეზად კი სტანდარტიზებული შეფუთვის პირობებში ინტელექტუალური საკუთრების უფლების უგულვებელყოფა დასახელდა. მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული შვეიცარიაშიც.

შეგახსენებთ, რომ ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს. კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების (პიქტოგრამების) დატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან გახდება სავალდებულო. კოლოფზე ბრენდის წარწერა დაშვებული იქნება მხოლოდ ქართული ასოებით და სტანდარტული შრიფტით. (R)