რუსთავის გზატკეცილზე ”სენდვიჩ-პანელების” საწარმო შენდება

საპარტნიორო ფონდი ადგილობრივ კომპანია „აი სი ი ესთან” (ICES) ერთად სამშენებლო მასალის ე.წ. „სენდვიჩ-პანელების“ საწარმოს მშენებლობას იწყებს.

საწარმო რუსთავის გზატკეცილზე განთავსდება და თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღიჭურვება. საწარმოო ხაზის სიმძლავრე წელიწადში 2.8 მილიონი კუბური მეტრი პანელი იქნება. კომპანია პირველ პროდუქციას 10 თვეში გამოუშვებს, რომლის 45% საქართველოში, ხოლო დანარჩენი ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში გაიყიდება. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მილიონი დოლარია.

”სენდვიჩ-პანელების” გამოყენება სამშენებლო კომპანიებს მთლიან დანახარჯს შეუმცირებს და იმპორტირებულ პროდუქციას 90%-ით ჩაანაცვლებს. სამშენებლო სექტორისთვის ეს დიდი დახმარება იქნება, ვფიქრობ, ასეთი პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც ფონდსა და ”ICES” შორის დღეს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაფორმდა.

”ICES” ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს და მისი ძირითადი მიმართულებებია სამაცივრე, საწარმოო, სასაწყობე დ სხვა ტიპის ინდუსტრიული შენობების დაპროექტება-დიზაინი, ტექნოლოგიების შერჩევა, პანელების წარმოება, მშენებლობა და აღჭურვა.