"ნიკორა" მომხმარებელს ორკვირიანი აქციებით ხშირად ანებივრებს. სააქციო პროდუქტებზე ფასები იმდენად დაბალია, რომ გაყიდვების რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება.
შესაბამისად, პროდუქცია დახლებზე იმდენად სწრაფად ცარიელდება, რომ შევსება გაცილებით ხშირად სჭირდება
ერთი რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ გავიფიქრე, ნეტავ რატომ გადავწყვიტე ჟურნალისტობა, რომელიმე იოლი საქმე ამერჩია-მეთქი. მერე იმაზე დავფიქრდი, იოლი რა იყო და ვერაფერი მოვიფიქრე. თუმცა გულში ჭიასავით შემიჩნდა და ღრღნა დამიწყო სურვილმა, რომ ცოტა ხნით პროფესია შემეცვალა. რამდენიმე
დღე ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მეცადა ბედი. საბოლოოდ კონსულტანტობა გადავწყვიტე. მე, როგორც ჟურნალისტს, უამრავ ადამიანთან მიწევს მუშაობა და ასეა კონსულტანტიც. ამიტომაც მიზნად მტკიცედ დავისახე, ერთი დღით მაღაზიაში მემუშავა.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ახალი დილემის წინაშე დავდექი. სად შეიძლება ვყოფილიყავი კონსულტანტი? თბილისი არ მინდოდა. რეგიონში გასვლა უფრო საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის, ამიტომაც მშობლიური კახეთისკენ გავეშურე. ვიფიქრე, კახური იუმორი საქმეს ცოტას შემიმსუბუქებდა. თელავში შევედი და მაღაზიის ძებნა დავიწყე.
ქალაქის შესასვლელში, სადგურის ახლოს, "ნიკორას" მაღაზია შევამჩნიე და იქ შესვლა გადავწყვიტე. ცოტა ვნერვიულობდი, ამიტომ ჯერ როგორც კლიენტი შევედი. ჩემი საყვარელი ძეხვეული და პური ვიყიდე, თან ვაკვირდებოდი, როგორ იქცეოდნენ და საუბრობდნენ კონსულტანტები და მოლარე. ცოტა ხნის შემდეგ ხომ მეც ანალოგიური უნდა გამეკეთებინა. წახემსების შემდეგ უკვე გაბედულად შევედი და მენეჯერს ვთხოვე, ერთი დღით მეც კონსულტანტი ვიქნები და დაგეხმარებით-მეთქი. ხალისით შეხვდნენ ჩემს ინიციატივას.
"ნიკორაში" მუშაობისთვის თმის შეკვრა და ფორმის ჩაცმა აუცილებელი ყოფილა. სიხარულით გამოვეწყვე და დახლებში გავედი. კვლავ ძეხვეულის დახლისკენ გავეშურე. თუმცა ამჯერად მეორე მხრიდან დავდექი. შესვლამდე კი კონსულტანტმა გოგონებმა ღიმილით მომაწოდეს ქუდი და ხელთათმანები, რომელთა გარეშეც ძეხვეულის დახლში შესვლა აკრძალული ყოფილა.
პირველი კლიენტიც მოვიდა. შებოლილი ნეკნები უნდოდა. ვცდილობდი, ნერვიულობა არ შემტყობოდა, მაგრამ მაინც ხელის კანკალით ავუწონე და მივაწოდე. ყოველ შემდეგ კლიენტს უფრო და უფრო მარტივად ვემსახურებოდი და მეტად მომწონდა ჩემი ახალი პროფესიაც. უკვე ჩავთვალე, რომ პროფესიონალი ვიყავი და ძეხვების მრავალფეროვანი არჩევანი კარგად შევისწავლე, რომ ერთი ქალბატონი მოვიდა. გამიღიმა და დასტრესილი ძეხვის აწონა მთხოვა. ჯერ ვიფიქრე, ხომ არ მეხუმრება-მეთქი, მაგრამ კლიენტი სერიოზული სახით მიყურებდა და მივხვდი, რომ არ ხუმრობდა. არაფერი შევიმჩნიე და დახლზე დასტრესილი ძეხვის ძებნა დავიწყე. მერე დაბნეულმა ავუხსენი, რომ ახალი ვიყავი და დახმარებისთვის უკვე გამოცდილ კონსულტანტს დავუძახებდი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი მაღაზიის ერთგული კლიენტი ყოფილა და ახალი რომ შემამჩნია, გახუმრება გადაწყვიტა. რეალურად მას დაპრესილი შაშხი უნდოდა.
ამ შემთხვევამ განწყობა უფრო ამიმაღლა და სხვა დახლებში გავედი ახალი გამოცდილების მისაღებად. როგორც გავარკვიე, მარკეტში ხილ-ბოსტნეულის დახლი ახლახან დაუმატებიათ. მომხმარებელი დიდი სიხარულით შეხვედრია პროდუქციის გამრავალფეროვნებას და ხილბოსტნეული გაუჩერებლად იყიდება. ამიტომაც მეც ამ დახლში მუშაობა გადავწყვიტე. ხალხი განუწყვეტლივ მოდიოდა. ზოგი გვიღიმოდა და მადლობას გვიხდიდა ახალი პროდუქციის დამატებისთვის, ნაწილი კი ჩაფიქრებული იყო. ერთ-ერთ ქალბატონს 2 კილოგრამი ბადრიჯანი ავუწონე და ვუთხარი,"ინებეთ 2 კილოგრამი ბადრიჯანი. ჩემს ნათქვამს საოცარი სიცილი მოჰყვა, შემრცხვა, ვერ მივხვდი, რა შემეშალა.
თურმე ბადრიჯნის ნაცვლად, აჯაფსანდალი მითქვამს. კი გავიღიმე, მაგრამ უხერხულად ვგრძნობდი თავს. ჩემს გასამხნევებლად კონსულტანტი გოგონა დაუყოვნებლივ მოჰყვა ამბავს, თუ როგორ სთხოვა ერთ-ერთმა კლიენტმა 2 ცალი კვერცხის აწონა. ბევრი ვიცინეთ ამ ყველაფერზე და მივხვდი, რომ განსაკუთრებული არაფერი შემშლია და მარკეტებში მსგავსი სიტუაციები უცხო არაა.
ცოტა დავიღალე და შესასვენებლად გავედი. ამასობაში მენეჯერს გამოვკითხე მაღაზიის შესახებ ინფორმაცია და გავარკვიე, რომ სულ ერთი თვის გახსნილი ყოფილა. როგორც მითხრა,
თელავში "ნიკორას" კიდევ ორი ფილიალია. ყველაზე ძველი 2007 წელს, ანუ 10 წლის წინ გახსნილა.
სასწრაფოდ დავემშვიდობე ამ მაღაზიის თანამშრომლებს და იმ "ძველი" "ნიკორასკენ" ავიღე გეზი.
მეორე ფილიალი ქალაქის შედარებით ცენტრალურ ნაწილში იყო. იქ უფრო გაბედულად შევედი, მენეჯერს მოვუყევი, რომ "ნიკორაში" უკვე მქონდა რამდენიმე საათი ნამუშევარი და თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა, ახლა აქ ვცდიდი ბედს. რა თქმა უნდა, დამთანხმდა.
ფორმა რომ ჩავიცვი, კონსულტანტები აქციის დახლებს ავსებდნენ პროდუქციით. სასწრაფოდ მათკენ გავეშურე. როგორც მათთან საუბრისას გავარკვიე, "ნიკორა" მომხმარებელს ორკვირიანი აქციებით ხშირად ანებივრებს. სააქციო პროდუქტებზე ფასები იმდენად დაბალია, რომ გაყიდვების რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად, პროდუქცია დახლებზე იმდენად სწრაფად ცარიელდება, რომ შევსება გაცილებით ხშირად სჭირდება. 2 საათზე ცოტა მეტი გავატარე ამ მარკეტში და ორჯერ შევავსეთ აქციის დახლები. დახლების დალაგება კონსულტაციის გაწევაზე უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ სტიმულს მაძლევდა, მომხმარებლების ღიმილიანი კითხვა, "შენ ახალი ხარ?" ეს მაღაზია წლების განმავლობაში ემსახურება ადგილობრივებს. ამიტომაც მათთვის მაღაზიაში ახალი სახე შეუმჩნეველი არ რჩებოდა.
დახლზე შვრიის ფანტელების ყუთებს ვასწორებდი, როცა კონსულტანტისა და კლიენტის საუბარმა მიიქცია ყურადღება. ის დაჟინებით ითხოვდა, "დედას ლავაში მომეცითო, კონსულტანტი კი ღიმილით უხსნიდა, რომ "ბებოს ლავაში" ჰქონდათ. მომხმარებელი მაინც თავისას იმეორებდა, "დედას ლავაში" მინდაო. ბოლოს კონსულტანტმა უთხრა, არ ვიცი, თქვენთვის შეიძლება დედაა, მაგრამ ჩემთვის ბებოაო. ამ კახურმა ენამახვილობამ ძალიან გამახალისა, დახლების შევსებას უფრო მონდომებით შევუდექი.
ამასობაში 2 საათი გავიდა. დავიღალე. თუმცა მინდოდა, მესამე ფილიალიც მენახა. ის ქალაქის ცენტრალურ, ერეკლე II-ის მოედანზე მდებარეობს. გადავწყვიტე, დაღლა დამეძლია და ნელი ნაბიჯით გავყევი გზას, თან თელავის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდი. ვნახე მრავალსაუკუნოვანი, ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი ხეც.
მესამე "ნიკორა" დიდი ხნის წინ, 2008 წელს გახსნილა. დახლები უკვე მეტ-ნაკლებად შესწავლილი მქონდა. ამიტომაც მენეჯერს სალაროში მუშაობის ნებართვა ვთხოვე. კი დამთანხმდნენ, მაგრამ ფულთან ურთიერთობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ორ კლიენტს მოვემსახურე და მოლარეს ვთხოვე, კვლავ მას ემუშავა, მე კი მისი ასისტენტი ვიქნებოდი. ასე უფრო მარტივად წავიდა საქმე. მუშაობისას მოლარეს ვთხოვდი, საინტერესო ისტორიები მოეყოლა, რაც "ნიკორაში" მუშაობისას თავს გადახდენია. მოლარემ მიამბო, როგორ დაიწყო მუშაობა "ნიკორაში" და როგორ მალე გახდა ამ დიდი ოჯახის წევრი. თურმე ყოველდღიურად ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი ხდება მარკეტში. ეს არ გამკვირვებია. მე ხომ მხოლოდ ერთი დღით ვიყავი "ნიკორას" თანამშრომელი და ამდენი სახალისო რამ მოვისმინე. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. თურმე ერთხელ ღამის 5 საათზე მთვრალი მამაკაცი შესულა მარკეტში, იღლიაში ლეიბი ჰქონია ამოჩრილი და უთქვამს, სახლში წამიყვანეთ, ან აქვე გავშლი ლეიბს და დავიძინებო.
ამასობაში შებინდდა და მივხვდი, რომ დრო იყო, საკუთარ ცხოვრებას დავბრუნებოდი. "ნიკორას" ფორმა გავიხადე და მაღაზიის თანამშრომლებს დავემშვიდობე. დავემშვიდობე ჩემს თავსაც, როგორც კონსულტანტს და თბილისისკენ უკვე ჟურნალისტი გამოვეშურე.
გზაში უფრო მივხვდი, როგორი დაღლილი ვიყავი. იმასაც მივხვდი, რომ ჟურნალისტობას არც ერთი საქმიანობა არ ჯობს ამქვეყნად და ჩემს თავს მკაცრად ვუთხარი, არასდროს მეწუწუნა იმის გამო, რომ ბევრი სტატია მქონდა დასაწერი. ერთდღიანმა გამოცდილებამ სხვა რამესაც მიმახვედრა - მათთვის, ვისაც სუპერმარკეტში მუშაობა სურს, "ნიკორა" საუკეთესო ადგილია. აქ არის ყველაფერი, რაც მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს - პერსონალი კეთილგანწყობილი და პროფესიონალია.
ნანა მღებრიშვილი